ზვიად სიჭინავა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობას აღარ აპირებს

ზვიად სიჭინავა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობას აღარ აპირებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მედია ოფიცერმა ოთარ გიორგაძემ განუცხადა, სუპერთასის გათამაშების დასრულების შემდეგ, ზვიად სიჭინავამ განაცხადა, რომ მისია, რომელიც მას აღებული ჰქონდა სუპერთასის მაღალ დონეზე ჩატარების თაობაზე შესრულებულია და ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას არ აპირებს.

ოთარ გიორგაძის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ფეხბურთის ფედერაცია წესდების მიხედვით აღმასკომის სხდომას მოიწვევს და არჩევნების თარიღს დანიშნავს.

"ზვიად სიჭინავამ განაცხადა, რომ პასუხისმგებლობა, რომელიც უეფა-სთან 2012 წელს ფეხბურთის ფედერაციის მოქმედ ხელმძღვანელობას ჰქონდა აღებული, ეს მისია შეასრულა. უეფა-ს ხელმძღვანელობამ მაღალი შეფასება მისცა დღევანდელ ღონისძიებას. უახლოეს დღეებში ფეხბურთის ფედერაცია წესდების მიხედვით მოიწვევს აღმასკომის სხდომას და არჩევნების თარიღს დანიშნავს. ისედაც გაცხადებული იყო, რომ არჩევნები სუპერთასის მატჩის შემდგომ გაიმართებოდა. ზვიად სიჭინავა საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას არ აპირებს. სიჭინავამ განაცხადა, რომ საფეხბურთო კარიერას ასრულებს და მისია, რომელიც აღებული ჰქონდა სუპერთასის მაღალ დონეზე ჩატარების თაობაზე შესრულებულია", - აღნიშნა ოთარ გიორგაძემ.

თბილისში, "დინამო არენაზე" უეფა-ს სუპერთასის გათამაშება დღეს გაიმართა. საფეხბურთო კლუბმა "ბარსელონამ" "სევილია" ანგარიშით 5:4 დაამარცხა.