"მაგთიკომს" "კავკასუს ონლაინის" აქტივების შეძენა სურს

კომპანია "მაგთიკომს" კომპანი "კავკასუს ონლაინის" აქტივების შეძენა სურს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, ვახტანგ აბაშიძემ განუცხადა.

მისი თქმით, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში "სილქნეტისა" და "კავკასუსს ონლაინის" მიერ წარმოდგენილი განაცხადის იდენტური განაცხადი დღეს "მაგთიკომმა" და "კავკასუსს ონლაინმა" წარმოადგინეს.

"კანონმდებლობის გათვალისწინებით, ჩვენ 15 დღის ვადაში იგივე პროცედურა უნდა გავიაროთ და ამ შემთხვევაშიც, რადგანაც ორივე მნიშვნელოვანი ძალაუფლების ოპერატორზეა საუბარი, უნდა დავიწყოთ იდენტური საქმის წარმოება ზოგადი თეორიული რისკების გათვლით, შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად", - განაცხადა ვახტანგ აბაშიძემ.

მისივე თქმით, შედგება თუ არა ეს შეთანხმებები ერთი მხრივ, "სილქნეტისა" და "კავკასუს ონლაინის", ხოლო მეორე მხრივ "მაგთიკომისა" და "კავკასუს ონლაინის" შემთხვევაში, წინასწარ ვერ იტყვის.

თავის მხრივ, "კავკასუს ონლაინის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ჭიაურელმა აღნიშნა, რომ "მაგთიკომს" საცალო სერვისის შეძენის ინტერესი აქვს და მის წინადადებას კავკასუსს ონლაინი განიხილავს.

"დღეს ვართ წინადადადებების მიღების პროცესში. იქედან გამომდინარე, რომ ვრეგულირდებით კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ, ვალდებულები ვართ ნებისმიერი ასეთი ურთიერთიბა მარეგულირებელს განვუცხადოთ", - აღნიშნა ნიკოლოზ ჭიაურელმა.