დაღესტანში „იმარატ კავკაზის“ ლიდერი მოკლეს

დაღესტანში „იმარატ კავკაზის“ ლიდერი მოკლეს

დაღესტანში ოთხი ბოევიკის, მათ შორის ტერორისტული ორგანიზაცია „იმარატ კავკაზის“ მეთაურის, მაგომედ სულეიმანოვის ლიკვიდაცია განხორციელდა.

ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ სამართალდამცველ ორგანოებზე დაყრდნობით წერს.

„ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს ოთხი ბოევიკია ლიკვიდირებული. მოკლულთა შორის წინასწარ ამოცნობილია „იმარატ კავკაზის“ მეთაური მაგომედ სულეიმანოვი“, - განუცხადა წყარომ სააგენტოს.

გარდა ამისა, წყაროს ცნობით, ძალოვნები ამავე დაჯგუფების კიდევ სამი ბოევიკის დევნას ახორციელებენ. ანტიტერორისტული ოპერაციის რეჟიმი უნცუკულის რაიონში 10 აგვისტოდან მიმდინარეობს.

სულეიმანოვი „იმარატ კავკაზს“ სულ რამდენიმე თვეა ხელმძღვანელობს. აპრილში ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა მისი წინამორბედის, ალიასჰაბ კებეკოვის ლიკვიდაციის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. კებეკოვი „იმარატ კავკაზის“ ლიდერი 2014 წელს, დოკუ უმაროვის ლიკვიდაციის შემდეგ გახდა.

ტერორისტული ორგანიზაცია „იმარატ კავკაზი“ (კავკასიური საემირო) ჩრდიოლო კავკასიაში მოქმედებს. იგი დოკუ უმაროვმა 2007 წელს დააფუძნა. მის სახელს რუსეთში რამდენიმე მსხვილი ტერაქტი უკავშირდება, მათ შორის 2010 წელს „დომოდედოვოს“ აეროპორტში მომხდარი აფეთქება.