ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინელ გამომძიებლებს დონის როსტოვში ეპატიჟება

ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინელ გამომძიებლებს დონის როსტოვში ეპატიჟება

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინელ გამომძიებლებს რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში ეპატიჟება. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, ექსპრეზიდენტის ადვოკატმა ვიტალი სერდიუკმა განაცხადა.

დღეს იანუკოვიჩი უკრაინის გენერალურ პროკურატურაში იყო დაბარებული დაკითხვაზე, თუმცა, მან ჩასვლაზე უარი განაცხადა და მიზეზად უსაფრთხოების ზომები დაასახელა. ადვოკატის თქმით, იანუკოვიჩმა გენერალურ პროკურატურას განცხადებით მიმართა, რომლის მიხედვითაც, ის ითხოვს საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში იქ დაკითხონ, სადაც იმყოფება. კერძოდ, დონის როსტოვში.

"ვიქტორ იანუკოვიჩის კონკრეტულ მისამართს გამომძიებლებს მას შემდეგ მივაწვდით, თუ ისინი ჩვენების მისაცემად აქ ჩამოსვლას გადაწყვეტენ, ახლა კი მისამართს არ ვაქვეყნებთ ექსპრეზიდენტის უსაფრთხოებიდან გამომდინარე", - განაცხადა ვიტალი სერდიუკმა.

იანუკოვიჩს უკრაინაში სახელმწიფო თანხების არამიზნობრივად ხარჯვაში და ძალაუფლების უზურპაციაში ადანაშაულებენ. ვიქტორ იანუკოვიჩი 2010 წლის 25 თებერვალს აირჩიეს უკრაინის პრეზიდენტად, გასული წლის თებერვალში კი ის კიევში მასობრივი დემონსტრაციების შედეგად გადააყენეს.