გარე რეკლამაზე მოთხოვნა შემცირდა. როგორც „კომერსანტთან“ სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, მოთხოვნის შემცირების მიზეზი ლარის დევალვაცია და ზოგადად ქვეყანაში არსებული ეკონომიკური გარემოა.
ეროვნული ვალუტის გაუფასურების პარალელურად გარე რეკლამაზე ფასი მცირედით შეამცირა სარეკლამო კომპანია Outdoor.ge-მ. „კომერსანტთნ“ საუბრისას კომპანიის იურისტი ნიკა ურუშაძე ამბობს, რომ ტურისტულ სეზონზე თითქმის ყოველთვის იზრდება მოთხოვნა სარეკლამო ბანერებზე აჭარის მიმართულებით.
რაც შეეხება ფასებს, მისი თქმით, მინიმალური ფასი რეგიონებში ფიქსირდება და კვადრატული მეტრის ღირებულება თვეში 10$-ს შეადგენს, მაქსიმალური ფასი კი თბილისში 45$-ია კვადრატულზე.
სარეკლამო კომპანია „ოდისეა პრომოუშენის“ ხელმძღვანელიც აცხადებს, რომ მოთხოვნა გარე რეკლამაზე დაახლოებით 10%-ით არის შემცირებული. მისი თქმით, ზოგიერთი კომპანია, მაგალითად როგორიცაა ლუდის კომპანიები, გასულ წელს მეტ თანხას ხარჯავდნენ სარეკლამო ბილბორდებზე.
„ოდისეა პრომოუშენში“ აცხადებენ, რომ დედაქალაქში ბილბორდები არ აქვთ და ძირითადად მეტროსა და ავტობუსებზე ათავსებენ რეკლამებს, რეგიონებში კი კომპანიებს ბილბორდებსაც სთავაზობენ.
რაც შეეხება ფასებს, როინ ლამპარაძის თქმით, კვადრატულის ღირებულება 15$-დან 35$-მდე მერყეობს. რეგიონებისა და თბილისის ფასი კი ერთმანეთისგან განსხვავებულია და დედაქალაქში გარე რეკლამის განთავსება საშუალოდ 35$ ღირს.
ეროვნული ვალუტა გასული წლის ნოემბრის თვიდან უფასურდება. ამ დრომდე ლარი დაახლოებით 30%-ით არის გაუფასურებული. ამასთან, გართულებულია ეკონომიკური მდგომარეობა რუსეთსა და უკრაინაში, რომლებიც საქართველოსთვის მნიშნელოვან სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს წარმოადგენენ.