საფეხბურთო გუნდი "სევილია" ხვალინდელ დაპირისპირებაში "ბარსელონასთან" გამარჯვებისთვის იბრძოლებს, - ამის შესახებ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე, რომელიც "დინამო არენას" საპრესკონფერენციო დარბაზში გაიმართა, "სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ განაცხადა.
მისი თქმით, "ბარსელონა" ფავორიტია, თუმცა სევილიასაც აქვს ძლიერი ასპექტები, რომლის გამოყენებასაც ხვალინდელ შეხვედრაში შეეცდება. "ეს მატჩი გვინდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მოვიგოთ ევროპის სუპერთასი. "ბარსელონა" ხვალ ფავორიტია, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი პლუსები და ძლიერი ასპექტები, რომლის გამოყენებასაც ხვალინდელ მატჩში შევეცდებით. ხვალ ძალიან გვინდა "ბარსელონა" დავამარცხოთ და გავიმარჯვოთ. ჩვენ ჩვენი თამაშით ვითამაშებთ და როგორც ყოველთვის, ვიბრძოლებთ მოსაგებად", - აღნიშნა უნაი ემერიმ.
"სევილიას" კაპიტნის, კოკეს თქმით, "სევილია" ეცდება, რომ შარშანდელივით სუპერთასის მატჩში არ დამარცხდეს. "შარშან წავაგეთ და ეს დავიმსახურეთ. მაგრამ იმედი მაქვს, ასევე დამსახურებულად გავიმარჯვებთ ხვალინდელ შეხვედრაში", - განაცხადა კოკემ.
ანტონიო რეიესის თქმით კი, "სევილია" ხვალინდელ დაპირისპირებაში აუტსაიდერი არ არის. "ჩამოვედით, რომ ვითამაშოთ კარგად და მოვიგოთ. უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ სუპერთასს. ჩვენი მიზანია, კარგი თამაშით ხვალინდელ შეხვედრაში გავიმარჯვოთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე ევროპის საუკეთესო გუნდი "ბარსელონაა", - განაცხადა რეიესმა.
ამ წუთებში კი "სევილია" "დინამო არენაზე" ვარჯიშს მართავს. ხვალ ამავე სტადიონზე 22:45 საათზე "სევილია" ევროპის სუპერთასის მატჩში "ბარსელონას" დაუპირისპირდება.