მე ვარ ამაყი და ბედნიერი, რომ კიდევ ერთხელ ჩამოვედი თბილისში, - ამის შესახებ საქართველოში სტუმრად მყოფმა უეფა-ს პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მან ხვალინდელი მატჩის მონაწილე გუნდების მასპინძლობისთვის საქართველოს მადლობა გადაუხადა.
"ეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის და ქართველი ხალხისთვის ლამაზი მომენტია. მე ვიცი, თუ რამდენი გააკეთა მთავრობამ და ფედერაციამ იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად ჩატარდეს. ხვალ იქნება ლამაზი თამაში. მადლობა, რომ მასპინძლობთ ამ ორ გუნდს. მე ვარ ამაყი და ბედნიერი, რომ კიდევ ერთხელ ჩამოვედი თბილისში", - აღნიშნა მიშელ პლატინიმ.
უეფა-ს პრეზიდენტი მიშელ პლატინი საქართველოში დაახლოებით ერთი საათის წინ ჩამოვიდა. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რეზი არველაძე დახვდნენ.
მიშელ პლატინი ხვალ სუპერთასის მატჩის მონაწილე გუნდებს დააჯილდოებს. მიშელ პლატინთან ერთად საქართველოს ეწვია კიევის "დინამოს" პრეზიდენტი, უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, გრიგორი სურკისი.
საფეხბურთო კლუბები "ბარსელონა" და "სევილია" ერთმანეთს ხვალ, თბილისში დაუპირისპირდებიან. მატჩი "დინამო არენაზე" თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის მონაწილე გუნდები თბილისში უკვე ჩამოვიდნენ.