ბაზარზე მნიშვნელოვანი საბაზროძალაუფლების მქონე ორი ინტერნეტპროვაიდერი „კავკასუს ონლაინი“ და „სილქნეტი“ გაერთიანებას გეგმავს.
კომპანიებმა საკითხის განსახილველად კომუნიკაციების მარეგულიერებლ ეროვნულ კომისიას უკვე მიმართეს. პირველი ოფიციალური სხდომა ამ საკითხთან დაკავშირებით ხვალ გაიმართება, თუმცა, კომისია ხვალვე გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
როგორც კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხატია ყურაშვილი განმარტავს, იქიდან გამომდინარე, რომ ორივე კომპანა არის მნიშვნელოვანი საბაზრო წილის მქონე, კომისია ამ ეტაპზე არ მსჯელობს თანხმობის მიცემა-არმიცემაზე.
„კომისია იწყებს საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას კლევა-ანალიზის ჩატარებაზე. სწორედ ეს კვლევა- ანალიზი მოგვცემს საფუძვლიან დოკუმენტს, ვიმსჯელოთ ამ წილების შერწყმა-არშერწყმის თაობაზე“,- აცხადებს ხატია ყურაშვილი.
რატომ გადაწყვიტა ორმა უმსხვილესმა ბიზნესოპერატორმა გაერთიანება, კომპანიები ოფიციალური მიზეზებზე არ საუბრობენ. მედიასთან მხოლოდ „სილქნეტმა“ დაადასტურა, რომ გაერთიანების შესახებ ინიციატივა არსებობს.
„2015 წლის 27 ივლისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შევიდა კომპანიასილქნეტისა და კავკასუს ონლაინის ერთობლივი განაცხადი - ორი კომპანიის გაერთიანებისინიციატივის თაობაზე. დამატებით განმარტებას მოგვიანებით გაავრცელებს კომპანია“,- აღნიშნავენ კომპანიაში.
„სილქნეტისა“ და „კავკასუს ონლაინის“ გაერთიანების შემდეგ ბაზრის 60%-ზე მეტი ერთი კომპანიის ხელში აღმოჩნდება. რას მოუტანს ეს ინტერნეტბაზარს და მომხმარებელს?
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა“ ასოციაციის წარმომადგენელი გიორგი კაპანაძე აცხადებს, რომ კომპანიების გაერთიანება ბაზრისთვის მნიშვნელოვანი საფრთხისშემცველია. კაპანაძე განმარტავს, რომ თუ „სილქნეტი“ და „კავკასუს ონლაინი“ გაერთიანდნენ, მონოპოლისტად ჩამოყალიბდებიან და სხვა მცირე კომპანიებს ჩაძირავენ, რადგანაც მათ კონკურენციის გაწევის შესაძლებლობა აღარ ექნებათ.
„აქამდე იყო 2 კომპანია ამ ბაზარზე, სხვათა შორის იყო ეჭვები ამ 2 კომპანიის გარიგებასთან დაკავშირებითაც, რადგან მათ დაახლოებით ერთნაირი ფასი ჰქონდათ და ერთ დროს ზრდიდნენ ფასებს. მათ არ ჰქონდათ არგუმენტები, რატომ ზრდიდნენ ფასს. მათი გაერთიანება ბაზარზე კიდევ უფრო დიდი საფრთხის შემცველი იქნება - რთულად წარმოსადგენია, რომ შემდგომში შეიქმნას ისეთი კომპანია, რომელიც კონკურენციის გაუწევს მათ“,- აცხადებს გიორგი კაპანაძე.
მისივე თქმით, მოსალოდნელია ინტერნეტზე ფასების ზრდაც, ამ პროცესში კი კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩაერიოს. კაპანაძე ამბობს, რომ კომისიას აქამდე ფასის არცერთ ზრდაზე არ მოუხდენია რეაგირება.
კაპანაძე ამბობს, რომ „აფბამ“ ინტერნეტის ფასები სხვადასხვა ქვეყანაში იკვლია და აღმოჩნდა, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი გადასახადია.
მისივე განმარტებით, მაგალითად უკრაინაში ინტერნეტი 3-ჯერ ნაკლები ღირს, ვიდრე საქართველოში.
კაპანაძის თქმით, საქართველოზე მაღალი ფასები ფიქსირდება აზერბაიჯანსა და სომხეთში იმ მიზეზით, რომ მათთან ინტერნეტი საქართველოდან შედის.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, ინტერნეტ ბაზარზე კონკურენციის წესების შესაძლო დარღვევის შესახებ კვლევა კონკურენციის სააგენტოს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში შეუძლია, სხვა შემთხვევაში კი ეს მარეგულირებელი კომისიის კომპეტენციაა.