შპს "რუსთავის ფოლადმა" უზენაეს სასამართლოს განცხადებით მიმართა, რომლის მიხედვითაც, კომპანია მოითხოვს, დავები, რომელიც მის წინააღმდეგაა მიმართული, მოკლე ვადებში განიხილოს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "რუსთავის ფოლადის" მარკეტინგის სამსახურის უფროსმა, თამარ დიღმელაშვილმა განაცხადა, კომპანიის მენეჯმენტი თხოვნით მიმართავს უზენაეს სასამართლოს, რაც შეიძლება მოკლე ვადებში მოხდეს სამართლიანი, ადეკვატური და სწორი გადაწყვეტილების მიღება, მათ წარმოებაში არსებულ საქმეზე.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, საქმეების მოკლე ვადებში განხილვა მნიშვნელოვანია, რადგან "რუსთავის ფოლადმა" თავიდან აიცილოს მდგომარეობის შემდგომი გაუარესება და სამუშაო ადგილების კვლავ შემცირება.
"შპს "რუსთავის ფოლადში" სრულდება რეორგანიზაციის პროცესი, რომლის შესახებაც საზოგადოება უკვე ინფორმირებულია. დღეისთვის, 496 თანამშრომლის პოზიცია უკვე გაუქმებულია. სამწუხაროდ, მიუხედავად გადადგმული ნაბიჯებისა, კომპანიის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. "რუსთავის ფოლადისთვის" საგანგაშოა ის ფაქტი, რომ მის წინააღმდეგ, ხელოვნურად წარმოებული დავების განხილვა, არ დასრულებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ კვლავ ძალაშია აკრძალვები," რუსთავის ფოლადის" მრავალ ათეულ მილიონიან ქონებაზე. კომპანია კვლავ მოკლებულია შესაძლებლობას, გამოიყენოს ნედლეულის უმნიშვნელოვანესი წყარო - წიდასაყარი. ეს გარემოება კიდევ უფრო ამძიმებს კომპანიის მდგომარეობას და გლობალური პრობლემების ფონზე, ართმევს მას ბიზნესის ოპტიმალურად დაგეგმვის შესაძლებლობას. ერთ-ერთი დავის ფარგლებში, კომპანიის აქტივებზე დაწესებული აკრძალვა, რომლის ბედი ახლა უზენაეს სასამართლოში წყდება, მხოლოდ მაისის თვის შემდეგ, "რუსთავის ფოლადს", დაახლოებით მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა. აღნიშნული დავის ფარგლებში, თანხის ზარალი დღეში დაახლოებით 20 000 აშშ დოლარს შეადგენს. ამ საქმის განხილვის ბოლო ვადა 22 აგვისტოა. კომპანია მოითხოვს, აღნიშნული დავა მითითებულ ვადამდე დასრულდეს. ჩვენ უკვე შევიტანეთ განცხადება უზენაეს სასამართლოში, აღნიშნული მოთხოვნით", - განაცხადა დიღმელაშვილმა.
ამასთან, როგორც კომპანიის დირექტორი ნუგზარ კაჩუხაშვილი აცხადებს, ეს დავა ხელოვნურადაა წარმოქმნილი და "რუსთავის ფოლადის" დასუსტებას ისახავს მიზნად.
"ეს დავა ხელოვნურადაა შექმნილი ყოფილი მფლობელის მიერ, რომელიც იყო ჯოზეფ ქეი და ითვალისწინებს კომპანიისთვის პრობლემების შექმნას", - აღნიშნა კაჩუხაშვილმა.