შსს გიორგი კაბელაშვილთან დაკავშირებით მომხდარ ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

შსს გიორგი კაბელაშვილთან დაკავშირებით მომხდარ ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო დეპუტატ გიორგი კაბელაშვილთან დაკავშირებით მომხდარ ფაქტზე განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბორჯომი-თბილისის ავტომაგისტრალზე მოძრავი, შავი ფერის, "ტოიოტას" მარკის ავტომანქანა ავტოსაგზაო წესების დარღვევისთვის გააჩერეს.

"ავტომანქანას პარლამენტის წევრი გიორგი კარბელაშვილი მართავდა, რომელმაც დოკუმენტაციის და ალკოტესტით სტანდარტული შემოწმების მოთხოვნის პასუხად საპატრულო ეკიპაჟის წევრებს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც გიორგი კარბელაშვილი და მისი თანმხლები პირი - ე.ბ. უახლოეს განყოფილებაში, ოსიაურში გადაიყვანეს. მოგვიანებით, ჩატარებული შემოწმებით დადგინდა, რომ პარლამენტარი გიორგი კარბელაშვილი ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა მისი თანმხლები პირიც. შემოწმების ჩატარების შემდეგ გიორგი კარბელაშვილმა პოლიციის განყოფილება დატოვა, ხოლო ე.ბ. დაკავებულია", - ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის ან ძალადობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით) მიმდინარეობს.