ლარის დევალვაციისა და ბაზარზე დემპინგური ფასებით შემოსული კომპანიების გამო რამდენიმე წისქვილკომბინატი გაჩერებულია

ლარის დევალვაციისა და ბაზარზე დემპინგური ფასებით შემოსული კომპანიების გამო რამდენიმე წისქვილკომბინატი გაჩერებულია

ლარის დევალვაციისა და ბაზარზე დემპინგური ფასებით შემოსული კომპანიების გამო რამდენიმე ქართული წისქვილკომბინატი გაჩერებულია, ნაწილი კი ნახევარი დატვირთვით მუშაობს. ამის შესახებ „კომერსანტს“ მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ განუცხადა.

მისი თქმით, ახალ წლამდე ფქვილის ფასი 37 ლარი იყო, დღეს კი ბაზარზე ტომარა ფქვილი 43-44 ლარად იყიდება, ფასებს შორის განსხვავება კი მხოლოდ ლარის დევალვაციის შედეგია. თუმცა, სიალაგავა ამბობს, რომ ფქვილზე ფასი ლარის დევალვაციის პირდაპირპროპორციულად არ გაზრდილა, რის გამოც წისქვილკომბინატები დაზარალდნენ. მისი თქმით, ლარის გაუფასურების პირდაპირპროპორციული ფასის დაწესების შემთხვევაში ერთი ტომარა ფქვილი 49 ლარი ეღირებოდა.

„კურსს არ გავყევით, შევეცადეთ ეტაპობრივად გაგვეკეთებინა ეს. ფასის შენარჩუნება ხდება გარდამავალი მარაგების ხარჯზე, ახალი მოსავალი იყო რუსეთში, იქაც ფასები შემცირდა. ამ 2 თვის განმავლობაში ჩვენ შევძელით და შემოვიტანეთ მარაგები, რამაც შედარებით დაასტაბილურა ფასი, რაღაცა შეღავათები მოგვცა. ყველა წისქვილმა ვერ გააკეთა ეს , ზოგი ნახევარი სიმძლავრით მუშაობს, ზოგმა შეაჩერა“,- აცხადებს სილაგავა.

მისივე თქმით, მუშაობა შეაჩერა წისქვილკომნიბატმა „თბილისი“ და „ბარზო“, ასევე ავჭალაში მდებარე წისქვილკომბინატმა, რომელიც „თიბითი ჯგუფის“ დაქვემდებარებაშია.

ლევან სილაგავას თქმით, ზოგიერთი წისქვილკომბინატი  წაგებაზეც მუშაობს იმისთვის, რომ კლიენტი არ დაკარგოს და თუ მდგომარეობა გაუმჯობესდა ახლიდან არ მოუწიოს მომხმარებლებზე მუშაობა.  

მეორე მნიშვნელოვან პრობლემად კი ლევან სილაგავა ასახელებს რუსული ფქვილის დემპინგურ ფასად იმპორტირებას.

„მაგალითად ერთი თვის წინ ტომარა ფქვილი შემოვიდა 9 დოლარად, ასეთი ფასი ფქვილი თავად რუსეთშიც არ ღირს. იყო კიდევ ფირმები შემოდიდნენ, რეგისტრირდებოდა რუსეთს მოქალაქე და დღგ-ს გადახდის დრო რო მოდიოდა, ორთქლდებოდა ეს ხალხი. ერთთვიანი ფირმები იყო, მიჰყიდიდა პირის ქარხანას 18%-ით ნაკლებ ფასად და შემდეგ ქრებოდა. ამ საკითხმა 3-4- თვის პერიოდში ბაზარი დაანგრია“,- აცხადებს სილაგავა.

აღნიშნულიდან გამომდინარე სილაგავა ანტიდემპინგური კანონის შემოღებას ითხოვს. მისი თქმით, პარლამენტში ეს კანონი შესულია და დეპუტატებისგან მიიღეს დაპირება, რომ მას სექტემბერში განიხილავენ.

ანტიდემპინგურ კანონზე მუშაობა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. გასული წლის დეკემბერში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე აცხადებდა, რომ კანონის განხილვა საგაზაფხულო სესიაზე მოხდებოდა, თუმცა, ამ დრომდე საკანონმდებლო ორგანოს ამ სკაითხზე არ უმსჯელია.