ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებმა ერაყის საარჩევნო კომისიის 300 თანამშრომელი დახვრიტეს

ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებმა ერაყის საარჩევნო კომისიის 300 თანამშრომელი დახვრიტეს

რადიკალთა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ერაყის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 300-ზე მეტი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს.

ამის შესახებ ესპანეთის საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო EFE ერაყის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც სააგენტოს ნინევეის პროვინციის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა, მაჰმუდ ალ-სავარინმა განუცხადა,  ბოევიკებმა მსხვერპლნი, რომელთა შორის, სულ ცოტა 50 ქალიც იყო, ალ-ღაზლანის სამხედრო ბანაკში დახვრიტეს.

დახოცილთა ახლობლები იტყობინებიან, რომ მათ „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლებმა „სამართლიანობის აღსრულების“ შესახებ აცნობეს, კომისიის თანამშრომლები „მოღალატეებად და განდგომილებად“ გამოაცხადეს, რის შემდეგაც სიკვდილით დასაჯეს, ხოლო დახოცილთა ცხედრები ნათესავებს არ გადასცეს.

საარჩევნო კომისიამ საერთაშორისო თანამეგობრობას და გაერო-ს თხოვნით მიმართა, „დაუყოვნებლივ ჩაერიოს და შეაჩეროს ერაყის მოქალაქეების წინააღმდეგ მასობრივი მკვლელობები და დანაშაული“.

ამ დრომდე „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ გაერთანებული ძალები არ მოქმედებს. დაჯგუფებას სირიისა და ერაყის სამთავრობო ჯარებით ებრძვიან, ხოლო საერთაშორისო კოალიცია, აშშ-ის ხელმძღვანელობით, საჰაერო თავდასხმებით შემოიფარგლება. საომარი მოქმედებების შედეგად, ასობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და რამდენიმე მილიონი ადამიანი ლტოლვილად იქცა.