დონეცკში ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ჯავშანმანქანები დაწვეს

დონეცკში ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ჯავშანმანქანები დაწვეს

ეუთო-ს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის კუთვნილი ოთხი ჯავშნიანი ავტომობილი დაიწვა დონეცკში გასულ ღამით.

ამის შესახებ მისია სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ იტყობინება.

„ამ ღამეს დონეცკში სპეციალური სადამკვირვებლო მისიის ოფისთან ახლოს, ეუთო-ს 4 ჯავშნიანი ავტომობილი განადგურდა, სავარაუდოდ, ცეცხლის წაკიდების შედეგად. მისია გმობს ამგვარ ქმედებებს. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, - ნათქვამია მისიის განცხადებაში.

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენელმა კი, „რია ნოვოსტისთან“ განაცხადა, რომ გასულ ღამეს დონეცკში ეუთო-ს მისიის 6 ავტომობილი დაიწვა, მათგან სამი სრულად განადგურდა.