ხელისუფლებას ძალიან კარგად გვესმის, რომ თუ ზომაზე მეტად აღმოვჩნდით რუსეთის ბაზარზე დამოკიდებული, ეს იქნება მორიგი ხაფანგი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ახალი ხელისუფლების პირობებში რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.
"საქართველომ აირჩია არა კონსტრუქციული ურთიერთობა რუსეთთან, არამედ საქართველომ უარი თქვა რუსეთთან ურთიერთობის შემდგომ გაუარესებაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან იმ ხაზით, რომელიც გაჩნდა ახალი ხელისუფლების პირობებში - გარკვეული დიალოგი გარკვეულ საკითხებზე, ამით ჩვენ უფრო მეტი გართულბების თავიდან აცილებას ვისახავთ მიზნად, ვიდრე რაიმე დიდი და ხელშესახები მონაპოვარის მიღებას", - განაცხადა უსუფაშვილმა.
რაც შეეხება ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე გატანას, უსუფაშვილის განცხადებით, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის დამყარება შეიძლება იყოს პოზიტიური, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს გადაჭარბება.
"მინდა ყველასთვის იყოს ეს ძალიან ცხადი, რომ ჩვენ ხელისუფლებას ძალიან კარგად გვესმის, თუ ზომაზე მეტად აღმოვჩნდით რუსეთის ბაზარზე დამოკიდებული, ეს იქნება მორიგი ხაფანგი იმისთვის, რომ უკვე ეკონომიკური ბერკეტებით დააზიანონ საქართველო, ამიტომ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. ჩვენ ამ ნაბიჯების გადადგმამდე გავიარეთ სერიოზული კონსულტაციები ჩვენს მეგობრებთან აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, რომლებსაც ასევე, სამწუხაროდ, მდიდარი გამოციდება აქვთ რუსეთთან არასტაბილური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის, როდესაც სხვადასხვა საბაბით რუსეთი ამ ქვეყნებისთვის თავის ბაზარს კეტავდა. ჩვენ გავიარეთ კონსულტაციები სწორედ იმიტომ, რომ გამოცდილება მიგვეღო. ეს გამოცდილება გვკარნახობს, რომ გარკვეულ დონემდე სავაჭრო ურთიერთობის დამყარება რუსეთთან შეიძლება იყოს პოზიტიური, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს გადაჭარბება", - განაცხადა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება ახალი ბაზრების დივერსიფიკაციის კუთხით ძალიან ბევრს მუშაობს.