აფხაზეთის ომის დროს დაღუპული, კიდევ 12  ადამიანის  იდენტიფიცირება მოხდა

აფხაზეთის ომის დროს დაღუპული, კიდევ 12 ადამიანის იდენტიფიცირება მოხდა

აფხაზეთის ომის დროს დაღუპული, კიდევ 12  ადამიანის  იდენტიფიცირება მოხდა. სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

11 მათგანი ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაიღუპა, ხოლო ერთი კი - აჩადარაში ბრძოლების დროს.

12 ადამიანის ნეშტი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან, სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც   დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი  აღევლინა.

წითელი ჯვრის ეგიდით, 2010 წელს  შეიქმნა  ორმხრივი  საკოორდინაციო ჯგუფი,  რომელიც  შეისწავლის  1992-193 წლებში  ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად  უგზო-უკვლოდ   დაკარგულთა  მოძიების  საკითხებს. მოლაპარაკების შედეგად, გადაწყდა ბაბუშერას სამარხის გახსნა და ნეშტების ექსჰუმაცია.

იდენტიფიცირების მიზნით  ნეშტები  გადმოსვენებულ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო  ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.  დნმ-პროფილები და დაღუპლთა ოჯახების ბიოლოგიური მასალები  ზაგრების ლაბორატორიაში გადაიგზავნა.  ამ ეტაპზე, სულ იდენტიფიცირებულია 21 ნეშტი.

წითელი ჯვრის ორგანიზებით, დევნილთა და განსახლების სამინისტრო აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან გადმოსვენების საკითხებზე მოლაპარაკებებს მომავალშიც განაგრძობს.