პროკურორის შეფასებით, ჟვანიას დაცვის წარმომადგენელი გოგოხია პროცესზე საკუთარი თავის რეაბილიტაციას ცდილობდა

პროკურორის შეფასებით, ჟვანიას დაცვის წარმომადგენელი გოგოხია პროცესზე საკუთარი თავის რეაბილიტაციას ცდილობდა

ჟვანიას დაცვის წარმომადგენელი ალექსანდრე გოგოხია დღეს საკუთარი თავის რეაბილიტაციას ცდილობდა, რადგან მანაც დარღვია გეგმა და ინსტრუქტაჟი, - ამის შესახებ კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას წინაამღდეგ საქმის განხილვაზე დაცვის მხარის მოწმის, ალექსანდრე გოგოხიას დაკითხვის შემდეგ საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, არანაირი ღირებულება გოგოხიას ჩვენებას არ გააჩნია. "ის არის დაინტერესებული მოწმე, რომელსაც თავისი ინტერესები გააჩნია. ის არის კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას ახლო მეგობარი. გარდა ამისა, მის მიმართ გენინსპექციამ ჩაატარა კვლევა და აღინიშნა, რომ მანაც, როგორც კობა ხარშილაძემ დაარღვია გეგმა და ინსტრუქტაჟი. შესაბამისად, ის ცდილობს თავისი თავის რეაბილიტაციას. თუმცა, ასეთმა მოწმემაც კი ვერ უარყო ის, რომ კანონის მიხედვით დასაცავი პირის მარტო დატოვება კატეგორიულად გამორიცხულია, მიუხედავად იმისა, ვისი თხოვნა იქნება და როგორი თხოვნა იქნება. კანონი არის ცალსახად დარღვეული", - განაცხადა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, არის თუ არა პასუხისგებაში მიცემული ალექსანდრე გოგოხია, რომელმაც მისი თქმით, ინსტრუქტაჟი და გეგმა დაარღვია, პროკურორმა აღნიშნა, რომ გოგოხია არ არის პასუხისგებაში მიცემული. იგეგმება თუ არა მისი პასუხისგებაში მიცემა, პროკურორმა ამ შეკითხვას არ უპასუხა და განაცხადა, რომ ჟვანიას საქმეზე ძირითადი საქმე ჯერ კიდევ ძიებაშია.

პროკურორის დღევანდელ განცხადებას პროცესის დასრულების შემდეგ უპასუხა ხარშილაძის ადვოკატმა. როგორც ბექა ბასილაიამ აღნიშნა, მოწმეს არაფერი სარეაბილიტაციო არ გააჩნია. "ეს მოწმე პროკურატურის დასაკითხ პირთა სიაშიც იყო შეყვანილი. იგი არაერთგზის შეხვდა პროკურორებს. თუ პროკურატურას უნდოდა რაიმე სამართლებრივი ღონისძიება მის მიმართ, სად იყვნენ 3-4 წლის განმავლობაში, როდესაც ყველაფერი მათ ხელში იყო. ეს არის სპეკულაცია, რადგან გოგოხიამ დაადასტურა, რომ ზურაბ ჟვანია არაერთგზის მიმართავდა ცრუ ესკორტს და კონსპირაციულ ბინებში შეხვედრებს. შესაბამისად, ამ დროს პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებდა. როცა ხდება უბედური შემთხვევა, ამის გამო არავინ უნდა დაისაჯოს. მეორე საკითხია ის, რომ როდესაც პრემიერი, ანუ მინისტრების მინისტრი იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტულ ბინაზე სტუმრობისას, წარმოუდგენელია, დაცვამ მას წინააღმდეგობა გაუწიოს", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ხარშილაძისა და ძაძამიას წინააღმდეგ საქმის განხილვას საქალაქო სასამართლო ნაფიცი მსაჯულების პირობებში ხვალ, 11.00 საათზე განაახლებს. ხვალაც გაგრძელდება დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვა, თუმცა ჯერ უცნობია, ვის დაკითხავენ ბრალდებულების ადვოკატები.