თურქეთში, ტერორისტული თავდასხმის არეალში მოხვედრილი სატვირთო ავტომობილის ქართველი მძღოლი უსაფრთხოდაა და საქართველოში გამოემგზავრა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ირაკლი კოპლატაძემ განუცხადა.
ირაკლი კოპლატაძის ინფორმაციით, ქართველი მძღოლი, რომელიც თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ტერიტორიაზე ტერორისტული თავდასხმის ქვეშ მოჰყვა, ამჟამად ჟანდარმერიის თანხლებით ქალაქ არდახანში მიემგზავრება, რის შემდეგაც ჯერ ვალეში, შემდეგ კი საქართველოში გამოამგზავრებენ.
"დღესაც შედგა საუბარი ამ პირთანაც, ჟანდარმერიასთანაც და ერზრუმის კრიზისების მართვის საბჭოსთანაც. ეს პიროვნება უკვე უსაფრთხოდ გამოყვანილია ტერიტორიიდან. ის გადაიყვანეს ჟანდარმერიის თანხლებით ქალაქ არდაჰანში. საიდანაც ვალეში გაამგზავრებენ საზღვრამდე და გადმოკვეთავს საზღვარს. ჩვენი ძირითადი ამოცანა რაც იყო, ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებთან ერთად შესრულდა", -განაცხადა ირაკლი კოპლატაძემ.
საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის ირაკლი კოპლატაძის ინფორმაციით, საქმესთან დაკავშირებით უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
"ქართული ნომრებით, ქართული კომპანიების სატვირთოები მოძრაობდნენ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ტერიტორიაზე, სადაც, როგორც თავად იუწყებიან, მათ შეიარაღებული პირები დახვდნენ, მანქანიდან გადმოსხეს სხვა პირებთან ერთად, ანუ არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები და ისინი უკან გამოაბრუნეს,მანქანები კი დაწვეს. ამას ორჯერ ქონდა ადგილი. 31 ივლისის ღამეს და 1 აგვისტოს გამთენიისას ჩვენ ორი მძღოლი ჩამოვიყვანეთ ანკარაში და შემდეგ საქართველოში გამოვუშვით. მეორე შემთხვევა 4 აგვისტოს მოხდა. სხვა მანქანებთან ერთად, ქართველი მძღოლიც გააჩერეს და სხვა მანქანებთან ერთად მისი მანქანაც დაწვეს. ამის შემდეგ ადგილობრივმა ჟანდარმერიამ სხვა დაზარალებულ მოქალაქეებთან ერთად ქართველი მძროლები იმ მიზნით გააჩერა რომ მომხდარიყო ჩვენების შეგროვება და საქმის აღძვრა. "განაცხადა საქართველოს ელჩმა თურქეთში.
ირაკლი კოპლატაძის თქმით, მას გაუჭირდება საქმისათვის იურიდიული სტატუსის მიცემამდე წინასწარი განცხადებების გაკეთება, თუმცა აცხადებს, რომ აღნიშნული თავდასხმა სატვირთო ავტომობილების მძღოლებზე ტერორისტულ ორგანიზაციას უკავშირდება.
"საქმე აღძრულია და იურიდიული კვალიფიკაციის მიცემამდე წინასწარი განცხადებისგან თავს შევიკავებ, თუმცა იმ განცხადებებზე დაყრდნობით, რომელიც ერზრუმის ხელისუფლების ორგანოებიდან ისმის, ასევე მძღოლების ინფორმაციით, საქმე გვქონდა პკკ-ს წარმომადგენლებთან. ეს არის ქურთების მუშათა პარტია, რომელიც თურქების მიერ აღიარებულია როგორც ტერორისტული ორგანიზაცია."-განაცხადა ირაკლი კოპლატაძემ.
საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, საქართველოს საელჩო თურქეთში მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში მოძრაობისგან. რაც შეეხება თურქეთის სხვა ნაწილს, საელჩოს ინფორმაციით, იქ მოგზაურობა საფრთხეს არ წარმოადგენს.