სამარშრუტო ტაქსების მძღოლები სამუშაო ადგილებს სავარაუდოდ ხვალ დილამდე დაუბრუნდებიან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" წარმომადგენლებსა და გაფიცული მძღოლების საინიციატივო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ კომპანიის წარმომადგენელმა ნათია მიქიაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით კომპანიასა და მძღოლებს შორის შეთანხმება მიღწეულია.
"სათითაოდ ყველა საკითხი გავიარეთ. მოხდა მძღოლების სურვილების და პრეტენზიების გათვალისწინება. კომპანიამ კი საკუთარი მოთხოვნები დააფიქსირა. შეთანხმება მიღწეულია. ვიმედოვნებთ, რომ ყველა მძღოლი გაითვალისწინებს იმ მოთხოვნებს და თხოვნებს, რომელიც კომპანიას აქვს და აღდგება მოძრაობა. იმედი მაქვს, რომ მაქსიმუმ ხვალ დილამდე მძღოლები დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილებს, ხოლო მძღოლს, რომელიც უარს იტყვის მუშაობაზე, მას ხელშეკრულება გაუუქმდება", - განაცხადა მიქიაშვილმა.
რაც შეეხება მძღოლების მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს, როგორც მიქიაშვილმა აღნიშნა, ობიექტური მიზეზებით წარმოშობილი ძველი ვალების ჩამოწერა მოხდება.
"ძველი ვალების ჩამოწერა არის ძალიან განზოგადებული ცნება. არსებობს ვალი სუბიექტური და ობიექტური მიზეზებით წარმოშობილი. ობიექტურ მიზეზებს შორის არის ოლიმპიადის დროს გზის გადაკეტვა, სტიქიის დროს მგზავრთა რაოდენობის შემცირება. ამ დღეებიდან გამოწვეული ვალების ჩამოწერა მოხდება. ასევე, როდესაც ფუჭდება ავტომობილი, როდესაც არის ტექნიკური პრობლემა და არის გაჩერებული უფრო მეტი დღის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ასევე მოხდება ამ ვალის ჩამოწერა. ეს აქამდეც ასე იყო, მაგრამ ამას მიეცემა ოფიციალური სახე", - განაცხადა მიქიაშვილმა.
მისივე თქმით, გეგმა ისედაც შემცირებულია. თუმცა მოხდა შეთანხმება გრაფიკზე.
მიქიაშვილი განმარტავს, რომ ამ პერიოდში გეგმა გადასულია ზაფხულის რეჟიმზე, როგორც ეს ყოველწლიურად ხდება. თავად მძღოლების განცხადებით, საუბარი წარიმართა კონსტრუქციულად და ბევრ საკითხზე მოხერხდა შეთანხმება.
მათი განმარტებით, დღევანდელი შეხვედრის შედეგებს გააცნობენ დიღმის მასივში მდებარე ავტოპარკში შეკრებილ მძღოლებს და გაფიცვის შეწყვეტასთან ან გაგრძელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ერთობლივად მიიღებენ.
ამასთან, დღევანდელი შეთანხმების შედეგად, # 32 სამარშრუტო ხაზის მძღოლებს შეჩერებული ლიცენზია აღუდგებათ.