დიღმის ტერიტორიაზე მოძრავი ყვითელი მიკროავტობუსის მძღოლები დღეს დილიდან გაიფიცნენ. 50-მდე მძღოლი სამუშაო საათების შემცირებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვს. თუმცა, მძღოლების გაფიცვის შემდეგ კომპანია „თბილისის მიკროავტობუსმა“ მათი სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას კომპანიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნათია მიქიაშვილმა აღნიშნა, გაფიცულ მძღოლებს კომპანიისგან აქამდეც არაერთი შენიშვნა ჰქონდათ მიღებული.
„გაფიცულია მძღოლების ურჩი ნაწილი. კომპანიის 3 000-მდე მძღოლიდან საუბარია, დაახლოებით, 50 ადამიანამდე, რომლებიც უარს აცხადებდნენ გვიან საღამომდე მუშაობაზე, კონდიციონერის ჩართვაზე, პრობლემები ჰქონდათ მგზავრებთან, არ იხდიდნენ მიკროავტობუსის საფასურს, რომელიც კომპანიამ მათ შეუძინა. ამ მძღოლების ჩანაცვლება მოხდება და დღის მეორე ნახევარში მგზავრები ამ დისკომფორტს ვეღარ იგრძნობენ“, - აცხადებს ნათია მიქიაშვილი.
მისივე ინფორმაციით, მძღოლების ამ აქციას ხელმძღვანელობს ადამიანი, რომელიც არ არის არც მძღოლი, არც კომპანიის თანამშრომელი და იმართება ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის მიერ.
„ჩვენ აბსოლუტურად აპოლიტიკური კომპანია ვართ. ეს არის კერძო ბიზნესი და ყველა ადამიანს, რომელსაც გარკვეული პოლიტიკური ქულების დაწერა სურს, ძალიან ვთხოვთ, რომ კომპანიას თავი დაანებონ“, - აცხადებს მიქიაშვილი და აღნიშნავს, რომ მძღოლების იმ ნაწილს, რომლებიც ამ დროისთვის გაფიცულები არიან, გუშინ კომპანიის ხელმძღვანელები შეხვდნენ.
„მათ ისაუბრეს გარკვეულ პრობლემებზე. კომპანია დათანხმდა ობიექტური პრობლემების მოგვარებაზე. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული შეთანხმება იქნა მიღწეული, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები არიან მართულები, მაინც მოხდა ასეთი ფაქტი. კომპანია ვერ დაიწყებს ვიღაცის პოლიტიკურ ინტერესებზე მუშაობას. ჩვენ ვმუშაობთ საზოგადოებაზე და პირველ რიგში საზოგადოება უნდა იყოს დაკმაყოფილებული“, - ამბობს ნათია მიქიაშვილი.
მისივე ინფორმაციით, ეს არის მძღოლების ის ნაწილი, რომლებსაც აქამდე არაერთი საყვედური და გაფრთხილება ჰქონდათ მიღებული, სიგარეტის მოწევის, გრაფიკის არდაცვის და სხვა არაერთი მიზეზის გამო, ამიტომაც ისინი გათავისუფლებულები იქნებიან დაკავებული ადგილებიდან.