უგზოობის გამო თუშეთში ტურისტების რაოდენობა შემცირდა

უგზოობის გამო თუშეთში ტურისტების რაოდენობა შემცირდა

ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო, ტურისტების არც თუ ისე დიდი აქტიურობა შეინიშნება თუშეთში. როგორც სასტუმროების წარმომადგენლები „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავენ, ივლის-აგვისტო, რომელიც ყველაზე აქტიური პერიოდი უნდა იყოს, არც თუ ისე დიდი დატვირთვით გამიორჩევა.

ტურისტების აქტიურობა 25 ივლისიდან შეინიშნება სასტუმრო „თუშეთში“. როგორც სასტუმროს მენეჯერი სოსო ბაბულაიძე აცხადებს, აქამდე ვიზიტორები თითქმის არ ჰყავდათ. თუმცა მათი გააქტიურების შემდეგ, გასულ წლებთან შედარებით, ტურისტების ნაკადი მაინც 30%-ით არის შემცირებული.

„ტურისტების შემცირებას თბილისში 13 ივნისს მომხდარ წყალდიდობასაც ვუკავშირებთ. თუმცა, კონკრეტულად რამ განაპირობა ვიზიტორების შემცირება პასუხი არ გვაქვს. ტემპერატურის მატებასთან ერთად, ქართველები უფრო გააქტიურდნენ. მათი და უცხოელი ტურისტების რაოდენობა, ფაქტობრივად, თანაბარია. უცხოელები ყველაზე ხშირად პოლონეთიდან, ჩეხეთიდან და ისრაელიდან ჩამოდიან“, - აცხადებს სოსო ბაბულაიძე.

მისივე ინფორმაციით, „თუშეთში“ წელს ახალი სერვისები არ შეუთავაზებიათ, თუმცა ამის მიუხედავად, მომსახურების ფასები მაინც გაიზარდა. ამის მიზეზად სასტუმროს მენეჯერი ლარის გაუფასურებას და პროდუქტებზე ფასების მატებას ასახელებს და აღნიშნავს, რომ თუშეთში ინფრასტრუქტურული პრობლემებიც სასწრაფოდ მოსაგვარებელია.

„წელს რომ იყო ისეთი ცუდი გზები არასოდეს ყოფილა. ყველა ამ პრობლემაზე საუბრობს. სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, თუმცა გზის გაწმენდა ძალიან გვიან დაიწყეს. გზა რომ გაიყვანეს მას შემდეგ აღარ გაუსუფთავებიათ. მანქანით გადაადგილება აქ თითქმის შეუძლებელია“, - აცხადებს სოსო ბაბულაიძე და აღნიშნავს, რომ ტურისტების შემცირების გამო, მენეჯმენტმა სასტუმროს გაფართოება გადაიფიქრა.

„გაფართოების სურვილი გვქონდა, მაგრამ თუ ტურისტების ნაკადმა იკლო აზრი არ ექნება. თუმცა, გარკვეულ სიახლეებს მაინც ვგეგმავთ. მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნა უფრო მეტ კომფორტზეა. ამიტომაც ამ მიმართულებით გავააქტიურებთ მუშაობას“, - აცხადებს სასტუმრო „თუშეთის“ მენეჯერი.

ტურისტების რაოდენობა შემცირებულია სასტუმრო „ჩიღოშიც“. როგორც სასტუმროს მფლობელმა სოსო ბაკურიძემ „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, ამ სეზონზე სასტუმროში მხოლოდ 6 სტუმარი მიიღეს. აქედან 4 ჩეხი და 2 კი გერმანელი იყო.

„სხვა სოფლებში შეიძლება ტურისტების უფრო მეტი ნაკადია. თუმცა ჩვენთან გზა არ არის, რაც ძალიან დიდ პრობლემებს ქმნის. უცხოელების მხრიდან დაინტერესება დიდია, გვიკავშირდებიან, უნდათ ჩამოსვლა, მაგრამ როცა იგებენ, რომ სასტუმრომდე მანქანით მოსვლას ვერ შეძლებენ და სასტუმრომდე მხოლოდ ფეხით ან ცხენებით არის შესაძლებელი, ყველა უარს ამბობს“, - აცხადებს სოსო ბაკურიძე და აღნიშნავს, რომ სასტუმრო „ჩიღო“ 4 წელია ფუნქციონირებს, და ამ დროის განმავლობაში მთლიანი მოგება 2 000 ლარს არ აღემატება.

მისივე ცნობით, ინფრასტრუქტურული პრობლემები შეფერხებას ქმნის სოფელ ჩიღოშიც. გზის პრობლემის მოსაგვარებლად მოსახლეობამ არაერთი განცხადება დაწერა, თუმცა მათ ყველაფერზე უარი მიიღეს.

„ახლა ვცდილობთ, პროექტი მაინც დაგვიმტიცონ, რომ სოფელმა საკუთარი სახსრებით მოიძიოს თანხები გზის მშენებლობის დასაწყებად. მაგრამ ამ პროექტის დასამტკიცებლადაც იმდენ რამეს გვთხოვენ, ალბათ ამ პროცესს 2 წელი მაინც დასჭირდება. იქნებ პირველ ეტაპზე ჩვენი ძალებით დავიწყოთ მუშაობა და მერე მთავრობამაც მოგვაქციოს ყურადღება“, - აცხადებს სოსო ბაკურიძე.

ტურისტების სიმცირეს უჩივიან სასტუმრო „ძველ ომალოშიც“. სასტუმროს მენეჯერის ინფორმაციით, აქ ტურისტების სიმრავლე არც წინა წლებში შეინიშნებოდა.

„ჩვენი სასტუმრო ქვემო ომალოშია. ტურისტები რატომღაც ზემო ომალოს უფრო ანიჭებენ უპირატესობას. ჩვენთან კი მათი ძალიან დაბალი აქტიურობა შეინიშნება“, - აცხადებენ სასტუმროში.

მათივე თქმით, ტურისტების მცირე ნაკადში ქართველების და უცხოელების რაოდენობა თანაბარია. უცხოელი ვიზიტორები კი ქვემო ომალოში უმეტესად ჩეხეთიდან და პოლონთიდან ჩადიან.