ლიბიის სანაპიროებთან ახლოს მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა

ლიბიის სანაპიროებთან ახლოს მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა

ლიბიის სანაპიროებთან ახლოს ევროპისკენ მიმავალი მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა. "ბი-ბი-სის" ცნობით, შიშობენ, რომ დაღუპულია ასობით ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე 700-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პრესსპიკერის თქმით, 100 მიგრანტის გადარჩენა უკვე შეძლეს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. 

აფრიკიდან და აზიიდან ევროპისკენ მიმავალი მიგრანტების რიცხვი ბოლო რამდენიმე თვეა რეკორდულად გაიზარდა. ისინი ხმელთაშუაზღვის გავლით ნავებით ცდილობენ ევროპის სანაპიროებამდე მიღწევას, რა დროსაც მათი ნაწილი გზაში იღუპება.

ევროკავშირის ლიდერებმა აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, დამატებითი თანხის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღეს. არალეგალი მიგრანტები საკუთარი ქვეყნებიდან კონფლიქტებს ან მძიმე სოციალურ პირობებს გაურბიან და ევროპაში სამუშაოს საძებნელად ან თავშესაფრის მოპოვების მიზნით ჩადიან.