ყველა ადამიანი კარგად ხედავს ძველსა და არსებულს შორის განსხვავებას, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ხშირად უკმაყოფილებას გამოთქვამდეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს.
სუბარი დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნებზე "ქართულ ოცნებას" ამომრჩეველთა მხარდაჭერის პრობლემა არ ექნება.
"მე აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული, რომ არჩევნებს მოვიგებთ. დანარჩენი, ყოველთვის არსებობენ განაწყენებული ან ისეთი ადამიანები, რომლებიც განსხვავებულად უყურებენ რაღაცას. ერთ რამეს გეტყვით. ზუგდიდში დავარიგეთ 320 ბინა, როცა 4 150 განაცხადი იყო შემოტანილი, ანუ 3 900-მდე ოჯახმა ბინა ვერ მიიღო. მთელი "ნაციონალური მოძრაობა" ჩამოვიდა, რომ რამენაირად ქუჩის აქციები მოეწყოთ. წარმოიდგინეთ 3 900 გულდაწყვეტილი, გაბრაზებული ადამიანი და მათი ოჯახის წევრები. ეს უკვე სერიოზული საპროტესტო მასაა, თუმცა აქციაზე 15 ადამიანზე მეტი არ გავიდა. რატომ? იმიტომ, რომ ყველას ცალ-ცალკე შევხვდით და ავუხსენით, რომ განაწილება მოხდა სამართლიანად. ეს თავადაც დაინახეს, ისე როგორც დაინახეს, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება და ყველა მათგანს აქვს შანსი მიიღოს ბინა - ზოგმა ძალიან მალე, ზოგმა ცოტა გვიან, მაგრამ ყველამ მიიღოს. ასე რომ, ყველა კარგად ხედავს ძველსა და არსებულს შორის განსხვავებას, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი შეიძლება ხშირად გამოთქვამდეს უკმაყოფილებას", - აცხადებს სუბარი.
რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად შეიძლება არჩევნების შედეგებზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს ლარის გაუფასურებითა და ელექტროენერგიის გაძვირებით შექმნილმა ფონმა, დევნილთა მინისტრის შეფასებით, "ქართული საზოგადოება საკმარისად მომწიფდა იმისთვის, რომ გააანლიზოს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ჩვენს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებსა და იმ პროცესებს შორის, რაც საქართველოში ხდება".
"როდესაც ირგვლივ სრული სტაგნაცია და ხშირ შემთხვევაში რეცესიაც კი არის, საქართველოში კი ყოველთვიურად ეკონომიკის 2-3 პროცენტიანი ზრდაა შენარჩუნებული, ეს ძალიან კარგი შედეგია. მე ვფიქრობ, ძალიან მაგარი შედეგიც კი არის. შეუძლებელია, ირგვლივ ყველაფერი იქცეოდეს და ჩვენ ქვეყანაში სამოთხე შენდებოდეს. ასეთი რამე არ ხდება.
რაც შეეხება შიდაფაქტორებს, ორი შიდაფაქტორი არსებობს, მათ შორის ერთი ძალიან სუბიექტური: როდესაც ლარის კურსის სტაბილურობაზე პასუხისმგებელი მთავარი ადამიანი ყოველდღიურად გამოდის და თავისი ნებისმიერი განცხადებით ახდენს საზოგადოების დაშინებას, რომ ეროვნული ვალუტა გაუფასურდება, აუცილებლად გაუფასურდება, ძალიან გაუფასურდება, ამით, ბუნებრივია, ხელს უწყობს ლარის დევალვაციას. იმის ნაცვლად, რომ შემოიტანოს საზოგადოებაში სტაბილურობის განცდა, შფოთვას ამკვიდრებს. ეს ყველაზე დიდი ფაქტორია, რაც შეიძლება ხელს უწყობდეს ლარის გაუფასურებას. არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ის ყვავივით დასჩხავის ყოველ დღე, რომ ლარი გაუფასურდება. არაფერს ვიტყვი მის ქმედებებთან დაკავშირებით, ამაზე ეკონომისტები უფრო კვალიფიციურად ილაპარაკებენ, თუმცა რა განცხადებებსაც აკეთებს, ეს არის შეგნებული პოლიტიკა იმისთვის, რომ რამენაირად მოხდეს ლარის დევალვაცია, განცხადება კი ხშირად ქმედებაზე მეტია. ერთი განცხადება შეიძლება ბანკიდან გასროლილ 100 მილიონ დოლარს უდრიდეს, ანუ ასეთი გავლენა ჰქონდეს სიტყვას", - განმარტავს დევნილთა მინისტრი.