ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე გარდაცვლილი ექსპრემიერის დედა, რემა ჟვანია დაკითხეს.
რემა ჟვანიას კითხვები მხოლოდ ბრალდების მხარემ დაუსვა. დაცვის მხარეს კი გარდაცვლილი ექს-პრემიერის დედასთან კითხვები არ ჰქონია.
ადვოკატების განმარტებით მათ ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, კითხვებისგან თავი შეიკავეს.
რემა ჟვანიას მიერ სასამართლოსთვის ჩვენების მიცემისას, ბრალდებული კობა ხარშილაძე განსასჯელის სკამზე თავდახრილი იჯდა და დაკითხვის პროცესის მიმდინარეობისას თავი არ აუწევია
რაც შეეხება რემა ჟვანიას დაკითხვას, სასამართლოზე ზურაბ ჟვანიას დედამ აღნიშნა, რომ მისი შვილის მკვლელობა მერაბიშვილის გადმოცემული სცენარი იყო, თუმცა შემსრულებლები ვინ იყვნენ, არ იცის.
რემა ჟვანიამ გარდაცვლილი ექს-პრემიერისა და მისი დაცვის წევრების ახლო უერთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი ზურაბ ჟვანიას სიცოცხლის ფასად იცავდნენ.
"როდესაც ამ ხალხს ვაბარებდი ზურას, აბსოლუტურად წყნარად ვიყავი, რადგან ვიცოდი, რომ სამივე, თუ საჭირო იქნებოდა, სიცოცხლის ფასად დაიცავდა ზურას. ზურას არასაჯარო შეხვედრებისთვის ჰქონდა ბინა, რომ მიეღო სტუმრები და მათთან ესაუბრა. კახა გოჩაშვილი ზურას ეუბნებოდა, რომ ის იქნებოდა კართან და ყოველ ოც წუთში დაურეკავდა, თუ არ უპასუხებდა კარს შეანგრევდა", - განაცხადა მარიამ ჟვანიამ სასამართლო პროცესზე.