გამოცემა The Wall Street Journal სტატიაში - „საქართველო ამსუბუქებს კონფლიქტს რუსეთთან“ - წერს, რომ „ქართული ოცნების“ საგარეო კურსი რუსეთის პროვოცირების თავიდან აცილებას და დასავლეთთან მჭირდო ურთიერთობის გაგრძელებას გულისხმობს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ აღნიშნული კურსი „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლის საარჩევნო კამპანიისას ნათლად ჩამოაყალიბა.
სტატიის თანახმად, ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მათ ესმით საქართველოს გაწონასწორებული მოქმედება.
"ეს ხელისუფლება უფრო ფრთხილად მოქმედებს და ცდილობს, შეანელოს რუსეთთან არსებული კონფრონტაციული ურთიერთობა. რაც არ უნდა იყოს, აშშ არ არის დაინტერესებული რუსეთსა და მის ირგვლივ მდებარე ქვეყნებს შორის დაპირისპირებით", - განაცხადა აშშ-ს ოფიციალურმა პირმა.
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ 2012 წელს, კონფრონტაციული პრეზიდენტის პოლიტიკური პარტია არჩევნებში დაამარცხა „ქართულმა ოცნებამ”, პარტიამ, რომელსაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა, რომელმაც თავისი ქონება ლითონის და საბანკო ბიზნესებით დააგროვა რუსეთში. კამპანიის დროს, „ქართულმა ოცნებამ“ ნათლად ჩამოაყალიბა, რომ თავიდან იქნება აცილებული რუსეთის პროვოცირება, ხოლო დასავლეთთან ქვეყანა მჭიდრო კავშირებს გააგრძელებს.
სტატიის ავტორი ყოფილი ხელისუფლების შეცდომებზეც ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში მისი ხელისუფლების მიერ ძალის გადამეტება აღიარა.
„ახალი მთავრობა ამტკიცებდა, თითქოს ბ-მა სააკაშვილმა და მისმა მოკავშირეებმა შეიმუშავეს ავტორიტარული ტენდენციები, ყოფილი პრეზიდენტის შეკვეთით სცემეს საქართველოს პარლამენტის წევრი და სხვა ქმედებებთან ერთად, დევნიდნენ ოპოზიციურ სატელევიზიო არხს. "ჩვენ უამრავი შეცდომა დავუშვით" - აღიარა ბატონმა სააკაშვილმა მაისში მიცემულ ინტერვიუში, კიევში, სადაც მან ახალი პოლიტიკური კარიერა დაიწყო. "როცა რადიკალურ რეფორმებს ატარებ, შეცდომებს უშვებ, ძალას ამეტებ, კომპრომისებზე მიდიხარ" ,- ნათქვამია სტატიაში.
The Wall Street Journal ასევე წერს, რომ როდესაც 2013 წელს, რუსეთმა საქართველოსთან სავაჭრო ემბარგო გააუქმა, ყურძნის ფასი თითქმის გაორმაგდა და ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა რუსეთში, თავიანთი პროდუქციის დიდი ნაწილის რეალიზაცია შეძლეს.