ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს დადება ახირებას ჰგავს

ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს დადება ახირებას ჰგავს

თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის შეფასებით, ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს დადება "ახირებას ჰგავს".

როგორც შესაბამისი საკითხის კომენტირებისას თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ კანონპროექტთან მიმართებაში საერთაშორისო ორგანიზეციების მიერ გამოთქმული შენიშვნების პირველი ეტაპი გათვალისწინებულია, მეორე ეტაპზე მუშაობის დაწყება კი, საჯაროდ ითქვა, რომ შემოდგომაზე იგეგმება.

"პრეზიდენტის ვეტო მოსალოდნელი იყო. შესაბამისი განცხადებები გიორგი აბაშიშვილის მხრიდან მანამდეც გაკეთდა. ვფიქრობ, პარლამენტს არ ექნება ვეტოს დაძლევის პრობლემა, მიუხედავად იმისა, ვის რა აზრი ჰქონდა კანონპროექტის თავდაპირველად ინიცირებისას. ობიექტურები უნდა ვიყოთ და უნდა ვთქვათ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები პრაქტიკულად მთლიანად არის გათვალისწინებული. ხოლო რა ნაწილშიც ეს დროის სიმცირის გამო ვერ მოესწრო (დროის სიმცირე კი მხოლოდ იმით იყო გამოწვეული, რომ პარლამენტი ამთავრებდა საგანგებო სესიის რეჟიმში მუშაობას), გაკეთდა განცხადება, რომ უკვე საშემოდგომო სესიაზე დაუბრუნდება მას პარლამენტი და მისი გათვალისწინებაც მოხდება. ასე რომ, ნამდვილად ახირებას ჰგავს უკვე ეს მოქმედება იმ ფონზე, როცა შენიშვნების პირველი ეტაპი გათვალისწინებულია და საჯაროდაა გაცხადებული, რომ მეორე ეტაპი პარლამენტში სექტემბერში შევა", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

თავდაცვის მინისტრის თქმით, ვეტოს გამოყენება პრეზიდენტის სრული უფლებაა და ეს ნორმალური პროცესია, თუმცა ასევე ნორმალური პროცესია ვეტოს დაძლევა. "დარწმუნებული ვარ, პარლამენტს ეს არ გაუჭირდება", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.