ზურაბ ტყემალაძე:   პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო პატარა ბავშვის ახირებული საქციელია

ზურაბ ტყემალაძე: პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო პატარა ბავშვის ახირებული საქციელია

პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო პატარა ბავშვის ახირებული საქციელია და სხვა არაფერი, - ასე აფასებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში პარლამენტის მიერ განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას.

"ჯერ პარლამენტის მიერ კანონპროექტი მიღებული არ იყო და იძახდნენ, ვეტოს ვადებთო. მერე პროექტი მივიღეთ, გამოვიდა გიორგი აბაშიშვილი და თქვა: ამას ვეტო დაედებაო. მიიწვიეს ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არაპროფილური ორგანიზაციებია და განხილვის პროცესში ჩართული არ იყვნენ. ისიც მინდა გითხრათ, რომ გიორგი აბაშიშვილი კი არის პრეზიდენტის მრჩეველი, მაგრამ მან ამ მიმართულებით პოლიტიკური განცხადებები და პოლიტიკური შეფასებები არ უნდა აკეთოს. ეს არის ჩემი რჩევა მის მიმართ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ზურაბ ტყემალაძემ.

დეპუტატის თქმით, ფინანსური ზედამხედველობის სამსახური როგორი პრინციპითაც არ უნდა არსებობდეს, მას აუცილებლად დამოუკიდებლობის მაღალი ხარიხსი უნდა ჰქონდეს.

"ჩვენ ზედამხედველობის სამსახურს დამოუკიდებლობის ხარისხი შევუნარჩუნეთ და უფრო მაღლა ავწიეთ იმით, რომ საზედამხედველო საბჭოს წევრები გარკვეული ვადით პარლამენტის მიერ ინიშნებიან, რაც მათი მუშაობის და გამოცდილების სტაბილურობას უწყობს ხელს. ამასთან, ზედამხედველობის სამსახური რჩება ეროვნული ბანკის ერთიან სისტემაში", - აცხადებს ტყემალაძე.

"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, რომ არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე გიორგი ქადაგიძის ყოფნა, დადგებოდა თუ არ დღის წესრიგში საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკიდან გასვლის საკითხი, ტყემალაძემ განმარტა, რომ აღნიშნული საკითხი შეიძლება არ დამდგარიყო.

"პირდაპირ გეტყვით – ეს საკითხი შეიძლება არ დამდგარიყო, მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, თავად გიორგი ქადაგიძის მიერ გაკეთებული არა ერთი პოლიტიკური განცხადება და ლარის კურსის ასეთი მერყევობა, სავარაუდო სპეკულაციური ნიშნების გაჩენა, გარკვეული გაუმჭვირვალობა და ნდობის ხარისხის დაცემა - ეს იყო საფუძველი იმისა, რამაც ჩვენს კოლეგებს აფიქრებინა, ხომ არ იქნებოდა უკეთესი, სამსახური ცალკე ყოფილიყო - დამოუკიდებელი ფუნქციების მატარებელი ეროვნული ბანკის ერთიან სისტემაში", - აღნიშნა ტყემალაძემ.

მისივე თქმით, კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტი და პარლამენტის მიერ დამტკიცებული პროექტი ერთმანეთისგან ბევრი რამით განსხვავდება და პროექტმა სპეციალისტებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან და მეწარმეებთან კონსულტაციების გზით, მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით, ტრანსფორმაცია განიცადა.

პრეზიდენტმა "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში პარლამენტის მიერ განხორციელებულ ცვლილებებს ხელი არ მოაწერა და საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფას ითვალსწინებს, ვეტო დაადო.