ოდესის გუბერნატორის პრესსამსახური მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, საერთაშორისო ძებნის არ დაწყების თაობაზე განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებების საპასუხოდ, ინტერპოლის ბურომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ნებისმიერი დევნა დაუშვებელია, რადგან ეს ინტერპოლის წესდებას ეწინააღმდეგება, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობს პოლიტიკური დევნის მკაფიო ნიშნები.
"შესაბამისი წერილები ინტერპოლის წევრ, ყველა ნაციონალურ ბიუროს დაეგზავნა. ანალოგიური რეზოლუციები წარსულში, ევროპის პარლამენტმა, ევროპის საბჭომ და სხვა საერთაშორისო ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმა მიიღეს. საქართველოს მთავრობა, რომელსაც გაზპრომის მსხვილი კერძო აქციონერი ივანიშვილი აკონტროლებს, საერთაშორისო თანამეგობრობის საწინააღმდეგოდ და მოსკოვის საამებლად აგრძელებს სასამართლო პაროდიას სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელსაც ბრალად უცხოეთის დელეგაციების მასპინძლობისას სახელმწიფო ქონებისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯების გაფლანგვა ედება. აუცილებელია შეგახსენოთ, რომ სააკაშვილის პირობებში საქართველოს ბიუჯეტი 11-ჯერ გაიზარდა და ქვეყანა ევროპაში ერთ-ერთ არაკორუმპირებულად იქნა აღიარებული. ცოტა ხნის წინ ამჟამინდელი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ოფიციალურმა სპიკერმაც განაცხადა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძვლები "არასერიოზულად გამოიყურება", - ნათქვამია ოდესის გუბერნატორის პრესსამსახურის განცხადებაში.