საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ათონელის რეზიდენციის თემა საზოგადოებისთვის მოყირჭებული და შეურაცხყოფის მიმყენებელია.
როგორც მარგველაშვილმა "მაესტროს ცხრიანში" სტუმრობისას განაცხადა, არ შეიძლება საზოგადოება თვეები და წლები აცხოვრო უსაგნო დაპირისპირებით, როდესაც პრობლემები გაცილებით სერიოზულია.
"ესეც ხომ გარკვეულწილად საზოგადოებისთვის მოყირჭებული და შეურაცხყოფის მიმყენებელი თემაა. ჩვენ რაზე ვსაუბრობთ, რომ პრეზიდენტს მიუთითებენ თავის ადგილს, რომ შენ იქ უნდა დაჯდე და დაგვემორჩილო ჩვენ. ასეთი ნაბიჯი პრეზიდენტის მხრიდან თითოულ მოქალაქეს გაუჩენს მიუღებლობას, იმიტომ, რომ თუ პრეზიდენტს მიუთითებ სად უნდა იმუშაოს, ბუნებრივია, ეს გავრცელდება სხვა მოქალაქეებზეც", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, ზუსტად იგივე თემა გრძელდებოდა უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებით და ირინე იმერლიშვილს ჰქონდა იმედი, რომ თუ ის კეთილ ნებას გამოავლენდა, ამით საკითხი დამთავრდებოდა, რაც, სამწუხაროდ, არ მოხდა.
"ამდენი საუბარი ამ თემაზე ყველას ინტერესის მიღმაა. საზოგადოება არ შეიძლება, თვეები და წლები აცხოვრო ამ უსაგნო დაპირისპირებით. სხვათა შორის, პოლიტიკაში ხშირად არის ხოლმე ინტერესი, უსაგნო დაპირისპირება ერთ-ერთი მთავარი და დომინანტური გახდეს იმიტომ, რომ მთავარი პრობლემებიდან გადავიდეს ყურადღება და ამ ყურადღების გადატანის მეშვეობით, მედიის მეშვეობით, საზოგადოებას აჩვენო, რომ თურმე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია სად იქნება განთავსებული რომელიმე სახელმწიფო უწყება. პრობლემები ხომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად უნდა შევეჭიდოთ?", - დასძინა მარგველაშვილმა.