როგორც ჩანს,

როგორც ჩანს, "რუსთავი 2"-სთვის უარი ობიექტური მიზეზით იყო გამოწვეული

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მან "რუსთავი 2"-სთვის რამდენიმე რეგიონში კონცერტის ჩატარების უფლების არ მიცემის თაობაზე ინფორმაცია მოკითხა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ირკვევა, რომ ეს უარი ობიექტური მიზეზებით იყო გამოწვეული.

"მე მოვისმინე ამ დღეებში, რომ რაღაც გარკვეული შეფერხება იყო "რუსთავი 2"-ის კონცერტებთან დაკავშირებით. მე ასევე მოვიკითხე ინფორმაცია და მინდა გითხრათ, რომ მართლაც, როგორც ჩანს ობიექტური მიზეზით იყო გამოწვეული ეს უარი. მე ვერ ვხედავ ვერავითარ პრობლემას. ვიცი, რომ დღეს განაცხადეს ფოთშიც და ყველგან, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომია ის სივრცე, რომელიც დასჭირდებათ. მე კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო სრული მხარდაჭერა მედიის თავისუფლების და ზოგადად სიტყვის თავისუფლების გამოხატვის მიმართულებით", - განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ არა მედიას, არამედ "მთელ "ნაციონალურ მოძრაობას" ძალიან კომფორტული აქციების ჩატარების უფლება მიეცა".

"ასე რომ, მე ვერ ვხედავ მართლაც ობიექტურ მიზეზს, რატომ უნდა გაეწიათ წინააღმდეგობა. მე ვერ დავიჯერებ, რომ რაღაც დაგეგმილი სცენარი იყო. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები და როგორც ჩანს იმ დღეებში მართლაც ჰქონდათ გარკვეული ღონისძიებები", - განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ სხვა დღეებში ნებისმიერს შეეძლება ჩაატაროს კონცერტი.