მე ფიცი დავდე არა

მე ფიცი დავდე არა "ქართული ოცნების", არამედ სახელმწიფოს წინაშე

მე ვარ საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეული პრეზიდენტი, რომელმაც ფიცი დადო არა "ქართული ოცნების", არამედ სახელმწიფოს წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "მაესტროს ცხრიანში" განაცხადა.

მარგველაშვილის თქმით, მისი ყველა გამოსვლის, ვეტოს, პოლიტიკური შეხედულებების ამოსავალი არის "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა. პრეზიდენტი პირდაპირ არ პასუხობს კითხვას, გადაუხვია თუ არა ამ დოკუმენტს მმართველმა გუნდმა, მაგრამ აცხადებს, რომ ამ დოკუმენტს თვითონ არ გადაუხვია.

"როდესაც მე დავინახავ, რომ რამე ტიპის კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქვეყნის ფუნდამენტურ ინტერესებს, მე არ შევშინდები, არ გავალ ბუჩქებში, არ ვიტყვი, რომ ჩვენ ხომ ერთი გუნდი ვართ და ამიტომ არ ვიტყვი სიმართლეს. მიუხედავად იმისა, რომ ამას მოჰყვება პოლიტიკური კამპანიები, ღიად ვიტყვი სიმართლეს, იმიტომ, რომ მიმაჩნია, რომ ეს კარგია საქართველოსთვის. შეიძლება ეს არ იყოს კომფორტული მმართელი გუნდისთვის, მაგრამ მე ვარ საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეული პრეზიდენტი, რომელმაც ფიცი დადო არა "ქართული ოცნების" წინაშე, არამედ საქართველოს მოქალაქეების წინაშე, სახელმწიფოს წინაშე; რომ ემსახურებოდა არა პოლიტიკურ პარტიას, არამედ ქვეყანას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.