ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებები რეალობას ჩამორჩენილია

ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებები რეალობას ჩამორჩენილია

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტზე გამოყენებულ ვეტოს პრეზიდენტისა და "ნაციონალური მოძრაობის" საერთო პოზიციებით ხსნის.

"ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებები ჩამორჩენილია იმ რეალობას, რაც გვაქვს – შენიშვნების ძირითადი ნაწილი გათვალისწინებულია, კონსულტაციები საფინანსო ინსტიტუტებთან გაგრძელდება და თუ საჭიროა რეფორმირები, კიდევ აისახება კანონში. მე, როგორც არაფინანსისტს, თვალში მეცა "ნაციონალური მოძრაობის" დაჟინებული საუბარი იმის შესახებ, რომ აღნიშნული ცლილებები ინვესტორებს დააფრთხობს და იგივე პოზიცია, გამოხატული პრეზიდენტის მიერ. ვერ წარმომიდგენია, რომ ინვესტორმა, რომელსაც განსახორციელებელი აქვს ინვესტიცია, იმის გამო, რომ საფინანსო ზედამხედველობის სამსახური ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ერთპიროვნული მმართველობის ქვეშ არ იქნება, ინვესტიციის შეჩერება გადაწყვიტოს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საზედამხედველო სამსახურის საბჭოში წარმოდგენილი იქნება და თუ რაიმე უარყოფითი პოზიცია ექნება, მისი განცხადება საკმაოდ მნიშვნელოვანი და წონიანია. გარდა ამისა, რატომ არის ცუდი და მიუღებელი ამ საკითხებში პარლამენტის ჩაარევა?! ვფიქრობ, ნებისმიერი ეკონომიკური პრობლემა, რომელიც შეიძლება საერთაშორისო დონეზე მოხდეს და საქართველოზე გავლენა იქონიოს, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ ინტერესს წარმოადგენს, დაასახელონ მიზეზები და დააბრალონ ხელისუფლებას. ამ პოლიტიკას მისდევს პრეზიდენტი საკუთარი მრჩევლების ან თავისი პირადი შეხედულებების გამო", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გია ვოლსკიმ.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკიდან გასვლის გადაწყვეტილება პერსონალურად გიორგი ქადაგიძეს არ უკავშირდება, რადგან ის "ძალიან მალე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აღარ იქნება".

პრეზიდენტმა "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში პარლამენტის მიერ განხორციელებულ ცვლილებებს ხელი არ მოაწერა და საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფას ითვალსწინებს, ვეტო დაადო.