გაერო-ში რუსეთის მუდმივმოქმედი წარმომადგენელი ვიტალი ჩურკინი აცხადებს, რომ საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა რუსეთის და, კონკრეტულად, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციაა.
ინტერნეტგამოცემა newssky.com.ua-თვის მიცემულ ინტერვიუში რუსმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ როგორც საბჭოთა კავშირი, რუსეთიც ზუსტად ისევე გააგრძელებს და ჩამოაგდებს ყველა იმ სამხედრო თუ სამოქალაქო თვითმფრინავს, რომელიც საეჭვოდ მოეჩვენება.
ჩურკინის განცხადებით, საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა პროვოკაციაა, რაზეც რუსეთი პასუხს გასცემს. მისი თქმით, რუსეთს ადრეც არაერთხელ მოურწყავს სისხლით ევროპა საკუთარი შეცდომების გამო და ახლაც ბრძოლა მიმდინარეობს, სადაც ყველა საშუალება გამართლებულია. დიპლომატის თქმით, დიდ პოლიტიკაში ხანდახან ბევრი მსხვერპლია საჭირო.
„არავის გასასამართლებელი არ არის რუსეთი. ჩემთვის და რუსეთის ხელისუფლებისთვის, ვლადიმერ პუტინისთვის - რუსეთი ყველაფერზე მაღლა დგას. ნურავინ ეცდება უმანკოების განსახიერებას. ხანდახან, დიდი პოლიტიკა ბევრ მსხვერპლს მოითხოვს. ყველამ იცოდეს, რომ, როგორც საბჭოთა კავშირი, რუსეთიც ზუსტად ისევე გააგრძელებს და ჩამოაგდებს ყველა იმ სამხედრო თუ სამოქალაქო თვითმფრინავს, რომელიც საეჭვოდ მოგვეჩვენება. ჩვენს წინააღმდეგ დიდი პროვოკაციები მიმდინარეობს. ყოველთვის ვპასუხობდით და გავცემთ ისეთ პასუხს, რასაც საჭიროდ ჩავთვლით. არაა საჭირო ჩვენთან აგენტების და ტერორისტების გამოგზავნა და დაე, იცოდეს ეს ყველამ. ჩვენ არ გვაქვს ტრიბუნალის ინტერესი. ეს არის პროვოკაცია პირადად ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ და ეს ბავშვისთვისაც ნათელია. დავუშვათ, მალაიზიური ბოინგი რუსეთის რაკეტით იქნა ჩამოგდებული, მაგრამ კომპლექსის ოპერატორი ცრუ-ს აგენტი იყო. სჭირდება ამერიკას ასეთი, ჰიპოთეტური ტრიბუნალი? მათ უბრალოდ სურთ რუსეთის კუთხეში მომწყვდევა ამ მეთოდებით. თვითონ მოაწყვეს ყველაფერი. რაც შეეხება ტრიბუნალის მომხრე სხვა ქვეყნებს, ეს სხვა თემაა. არ არსებობს არავითარი უკრაინა - არსებობს ტერიტორია, რომელიც დამოკიდებულია ამერიკაზე. ხოლო ჰოლანდიელები, საერთოდ განაგლდნენ - მათ სასათბურე პირობები აქვთ რუსეთში შექმნილი, მაგრამ ახლა გავარკვევთ ყველაფერს, რა ფინანსები აქვთ: ყვავილები, ვაჭრობა, აპარატურა? გადავუკეტავთ ჟანგბადს, დაე წავიდნენ სახლში და იქ მოაწყონ შეთქმულება. ხოლო ობამა და მერკელი, ნამდვილად არ არიან ჩვენთვის ავტორიტეტები. ვინ არის ობამა? ადამიანი, რომელსაც გაუმართლა და გახდა ამერიკის პრეზიდენტი, რადგან ის მართვადი, თავისთავზე შეყვარებული და ვიწროდ მოაზროვნე ადამიანია. რაც შეეხება მერკელს, მას პუტინმა ყველაფერი მკაფიოდ აუხსნა. მერკელი, ეს არის - ერთი ბუზღუნა, აშარი დედაბერი, რომელმაც იმაზე მეტის გადაყლაპვა მოინდომა, ვიდრე შეუძლია. ვინც არ უნდა აიღო ევროპაში, ყველა პოლიტიკოსების უბადრუკი კარიკატურები, გამყიდველი მასხარები და მშიშარა არარაობები არიან. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რაც უნდათ, ის შექმნან. ჩვენ ვასრულებთ პუტინის ბრძანებას - არცერთი ნაბიჯი უკან, მხოლოდ წინ. დასხდნენ ახლა ისრაელსა და ამერიკაში და იფიქრონ. ჩვენ ჩვენი მეთოდები გვაქვს. ომი არის ომი და იქ ყველა მეთოდი გამართლებულია - არაერთხელ მოგვირწყავს ევროპა სისხლით, აი ასეთი დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების და შეცდომების გამო. დაიმახსოვრონ ამერიკელებმა და ევროპელებმა, რომ რუსეთის გარეშე ვერაფერს გადაწყვეტენ. მე ვარ დიპლომატი, წარმოვადგენ ბირთვულ სახელმწიფოს და ვინ რას დამიშავებს? მე შემიძლია სხდომათა დარბაზში, მაგიდაზე ვიცეკვო ან ნებისმიერს შევაფურთხო უშიშროების საბჭოში. და რა? ყველამ უნდა იცოდეს თავისი ადგილი. ხოლო ისინი, ვინც ჩვენ ბოინგებს გვიგზავნიან, თვითონ არიან დამნაშავენი იმაში, რაც შემდეგ ხდება. დროა, ყველა დაფიქრდეს ამაზე და გაანალიზოს ეს“, - განაცხადა ვიტალი ჩურკინმა.