თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ამოიღეს.
როგორც "პირWელს" კეზერაშვილის ადვოკატმა, შოთა მინდელმა განუცხადა, კეზერაშვილის ადვოკატების მხრიდან, წარდგენილი იქნა არაერთი მტკიცებულება, იმის დასადასტურებლად, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდებოდა.
"სწორედ ამ მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, ინტერპოლმა მიიღო გადაწყვეტილება და ის მოხსნა ძებნილთა სიიდან. რაც ნიშნავს იმას, რომ მას ნებისმიერ სახელმწიფოში თავისუფალი გადაადგილების უფლება აქვს", - განუცხადა "პირWელს" შოთა მინდელმა.
ადვოკატისთვის უცნობია, მოითხოვს თუ არა საქართველოს პროკურატურა კეზერაშვილის ინტერპოლის ძებნილთან სიაში ხელახლა ჩასმას, თუმცა, როგორც შოთა მინდელი აცხადებს, გამომდინარე იქიდან, რომ ინტერპოლმა დაცვის მხარის მტკიცებულებები დასაშვებად სცნო, პროკურატურის აღნიშნული მოთხოვნა, სავარაუდოდ, არ დაუკმაყოფილდება.
ადვოკატი, ასევე, არ აკონკრეტებს, ჰქონდა თუ არა მას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საუბარი თავად დავით კეზერაშვილთან.