პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის შეფასებით, "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და პროექტი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მომზადებულ ალტერნატიულ წინადადებას ემყარება.
როგორც კობახიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, ალტერნატიული წინადადების ინიცირებაზე "ნაციონალური მოძრაობა" საუბრობდა, რაც პარლამენტმა პრეზიდენტისგან ვეტოს სახით მიიღო. მისივე თქმით, ამ შემთხვევაში ადგილი აქვს პოლიტიკური მოსაზრებების თანხვედრას პრეზიდენტსა და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს შორის.
კობახიძის თქმით, "სამწუხაროა, რომ პარლამენტი ვეტოს დაძლევის საჭიროების წინაშე დგება, მაგრამ ვეტო დაიძლევა".
გარდა ამისა, როგორც პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი აცხადებს, "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, ყველა ძირითადი და არსებითი შენიშვნა პარლამენტის მიერ მიღებულ პროექტში ასახულია და იმ გენერალურ ხაზში ჯდება, რა ხაზსაც ევროკავშირის კანონმდებლობა მიჰყვება.
"პარლამენტმა ძალიან ბევრი იმუშავა იმისთვის, რათა კანონპროექტი იმ სახით მიგვეღო, რომ მაქსიმალურად ყოფილიყო გათვალისწინებული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მათი ექსპერტების რეკომენდაციები – პირველ რიგში, სავალუტო ფონდის. პროექტი ევროკავშირის ექსპერტებთან კონსულტაციებით გავიარეთ. შენიშვნები მაქსიმალურად, 80%-ზე მეტით გავიზიარეთ. სამი მოსმენით განხილვის პერიოდში ეს დრო გამოვიყენეთ იმისთვის, რომ შენიშვნები კანონპროექტში სათანადოდ ასახულიყო. ვფიქრობ, მივიღეთ კანონი, რომელიც შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტთან. სისტემაში შემოდის უფრო მეტი გამჭირვალობა, ერთვება საპარლამენტო კონტროლი, რაც კარგია. გარდა ამისა, როცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მისი მოადგილე თანამდებობრივად საზედამხედველო სამსახურის საბჭოს წევრები არიან, ეს სწორედ იმას ნიშნავს, რომ არანაირი არსებითი გამიჯვნა და გამოყოფა ამ სამსახურისა ეროვნული ბანკიდან, არ ხდება. ეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი ეროვნული ბანკისგან მთლიანად გამოყოფილი და დამოუკიდებელი არ არის. ამისთვის ისიც კმარა, რომ თავად ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ვიცი-პრეზიდენტი არიან საბჭოს წევრები. საზედამხედველო საბჭოს ხელმძღვანელის არჩევა უფრო მეტი გამჭირვალობით და პარლამენტის ჩართულობით მოხდება. გაიზრდება მისი ანგარიშვალდებულება პარლამენტის წინაშე. ეს მოდელი არის ბევრად უკეთესი, ვიდრე არის დღეს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მანანა კობახიძემ.
პრეზიდენტმა "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში პარლამენტის მიერ განხორციელებულ ცვლილებებს ხელი არ მოაწერა და საკანონდმებლო პაკეტს, რომელიც ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფას ითვალსწინებს, ვეტო დაადო.