საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტის განხილვის პროცესში, პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქტიურად იყო ჩართული და ღიად აფიქსირებდა პოზიციას.
მისი თქმით, ცვლილებების შედეგად კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნქცია ეროვნული ბანკისა, რომ ფინანსური სექტორის ეფექტურ ფუნქციონირებას ხელი შეუწყოს, შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.
„2015 წლის 22 ივლისს საქართველოს პრეზიდენტთან ხელმოსაწერად პარლამენტიდან მოვიდა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფას. ამ პროცესში, რომელიც მიმდინარეობდა ამ კანონპროექტის განხილვის ირგვლივ, ჩვენ ვიყავით ძალიან აქტიურნი და საზოგადოებას ღიად ვუზიარებდით ჩვენ პოზიციას. ჩვენი კრიტიკის საგანი იყო, როგორც პროცესის ნაჩქარეობა, ასევე დეტალები, რომელიც იყო დაკავშირებული კონსულტაციებთან, ასევე, შინაარსი არსებული კანონპროექტისა. პირველ რიგში ჩვენ ყურადღებას და კრიტიკას იწვევდა ის, რომ ჩვენ ვსაუბრობთ საკონსტიტუციო ინსტიტიტზე, ეროვნულ ბანკზე, ინსტიტიტზე, რომელიც იმდენად მნიშნელოვანია, რომ გაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში. ჩვენ ვსაუბრობთ ამ ინსტიტუტის ცვლილებაზე იმ მომენტში, როდესაც კონკრეტულად, საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო ექსპერტიზის თვალსაზრისით იმსახურებს მაღალ შეფასებას. ხოლო არგუმენტები რატომ უნდა შევცვალოთ ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო ინსტიტუტი, ნაკლებად ისმის. სახელმწიფო ინსტიტუტების მნიშვნელობაზე და მათი გაფრთხილების საჭიროებაზე მათ როლზე დემოკრატიულ სისტემაში, ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია აქცენტი და ბუნებრივია ამ პროცესშიც აქტიურად ვაკეთებდით კომენტარს ამ მიმართულებით. ამავდროულად ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე და მონეტარული პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებაზე. ჩვენ აგრეთვე ვსაუბრობდით იმაზე, რომ ცვლილებების შედეგად კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნქცია ეროვნული ბანკისა, რომ ფინანსური სექტორის ეფექტურ ფუნქციონირებას ხელი შეუწყოს, შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. გამომდინარე ყოველივე ამ წინაპირობიდან მე გადავწყვიტე, რომ ამ კანონპროექტს და თანამდელ კანონპროექტებს რომელიც არის პაკეტის სახით შემოსული, ვეტო დავადო. ამასთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციით, ევროკავშირთან კონსულტაციის პროცესში ჩვენ როგოც ეს არის განსაზღვრული კანონით შევიმუშავეთ მოტივირებული შენიშვნები და შესაბამისი კანონპროექტი. კანპონპროექტი, რომელის შედეგადაც ძლიერდება ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და მისი საზედამხედველო პოლიტიკის ეფექტური განხორციელება“, - განაცხადა მარგველაშვილმა.