ირანი არ გეგმავს ამერიკელი და კანადელი ინსპექტორების საკუთარ ბირთვულ ობიექტებზე შეშვებას. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, აბას არაღჩიმ განაცხადა.
"ამერიკელი და კანადელი ინსპექტორების ირანში გაგზავნა შეუძლებელია, შეთანხმების მიხედვით, ინსპექტორები უნდა იყვნენ იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომელთანაც ირანის ისლამურ რესპუბლიკას დიპლომატიური კავშირები აქვს", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებს არ აქვთ უფლება ჰქონდეთ წვდომა "კონფიდენციალურ და სამხედრო დოკუმენტებზე".
ირანსა და საერთაშორისო ექვსეულს შორის 2 აპრილს ლოზანაში მიღწეული შეთანხმების მიხედვით, საერთაშორისო ინსპექტორებმა ირანის ბირთვული პროგრამის მუდმივი მონიტორინგი უნდა განახორციელონ.