ბორჯომის რაიონის სოფელ დვირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყის მასივს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი დაახლოებით 4 ჰექტარზეა გავრცელებული. ცეცხლის ლოკალიზებაში ვერტმფრენია ჩართული.
ბორჯომის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის მოადგილის, ლევან ხუციშვილის ინფორმაციით, ცეცხლი სახანძრო მანქანებისთვის მიუვალ ადგილზეა გაჩენილი, რის გამოც მეხანძრეებს მუშაობა უჭირთ.
ასევე, არსებობს საშიშროება, რომ ცეცხლი უფრო მეტ ფართობზეც გავრცელდეს.
ბორჯომის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის მოადგილის ინფორმაციით, ადგილზე 4 ადგილობრივი სახანძრო ბრიგადა მუშაობს. ასევე, თბილისიდან ჩასულია ვერტმფრენი, რომელიც ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებშია ჩართული.
ტყის მასივი, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა, დასახლებულ პუნქტთან ახლოს არაა და ამიტომ ცეცხლის დასახლებულ პუქტზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია.