თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელიც ე.წ. რიყისა და "თბილსერვის ჯგუფის" ეპიზოდებს შეეხებოდა.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა კვლავ ვერ წარმოადგინა. პროკურორის ინფორმაციით მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულ გიორგი უგულავას ინტერესებს, ადვოკატ ბექა ბასილაიას გარდა კიდევ იცავდა ორი ადვოკატი, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე არც ერთმა მათგანმა არ წარმოუთქვა დასკვნითი სიტყვა და მათაც ხსენებულ საქმეზე განაცხადეს თვითაცილება.
საქმეში ჩაერთო რიგით მე-6 ადვოკატი, რომელმაც მოსამზადებლად ითხოვა დრო და მას სასამართლომ დასკვნითი სიტყვის წარმოსადგენად განუსაზღვრა 27 აგვისტო.
"საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ბრალდების მხარემ განსახილველ საქმეზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა 29 ივნისს. იმის გათვალისწინებით, რომ მას შემდეგ 32 დღე გავიდა, 3 სხდომა ჩატარდა და დაცვის მხარეს ამ დრომდე არ წარმოუდგენია დასკვნითი სიტყვა, პირიქით საქმეში ჩაერთო რიგით მე-6 ადვოკატი და მან კიდევ ერთი თვე მოითხოვა მოსამზადებლად, ცალსახად შეიძლება ითქვას რომ დაცვის მხარე განზრახ აჭიანურებს პროცესს. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ბრალდების მხარეს აქვს მოლოდინი, რომ 27 აგვისტოსაც მოუმზადებელი გამოცხადდება სასამართლოში დაცვის მხარე და კვლავ გააჭიანურებს პროცესს", - განაცხადა პროკურორმა მალხაზ კაპანაძემ.