ჯანდაცვის მინისტრს დავით სეტგეენკოს თქმით, კლინიკებმა რიცხვთან დაკავშირებით შეცდომა დაუშვეს, როდესაც მათ გავრცელეს, რომ 100-ზე მეტი პაციენტი მიიღეს ზედოზირების პრობლემით, რეალურად კი ეს რიცხვი 16 იყო.
სერგეენკოს თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ვალდებულია დეტალურად გაერკვიოს, ამ კლინიკების წარმომადგენლებმა მხოლოდ ნუმეროლოგიური ხარვეზების გამო გაავრცელეს ეს ინფორმაცია, თუ რაიმე სხვა მოსაზრებით.
"ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც გუშინწინდელი დღიდან ვრცელდება მედიაში, რომ კლინიკებში გაზრდილია მიმართვიანობა, მაღალი ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკაში თვეში 100-120 პაციენტი შედის. გუშინ, დღის განმავლობაში დეტალურად, თოთოეული სამედიცინო ჩანაწერის დონეზე გავაანალიზეთ ეს თემა. აღმოჩნდა ასეთი, რომ არა 100 ან 120 თვეში, არამედ ამ კლინიკაში ბოლო თვეში სულ 16 პაციენტი არის შესული, ვიმეორებ, არა 100-120, არამედ 16. მედია საშუალებებში იყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ მათგან ნახევარზე მეტს ხელოვნური სუნთქვა სჭირდება და ისინი შემდეგ მძიმდებიან. საბედნიეროდ, ამ 16 პაციენტიდან მხოლოდ ორს დასჭირდა ხანმოკლე მექანიკური ვენტილაცია, ანუ ხელოვნური სუნთქვა. ექსპერტების აზრი, რომლებიც ამბობენ რომ მოიმატა, დაფუძნებული იყო იმ მონაცემებს, რაც მათ წაიკითხეს მედიიდან. თვეში 100-120 არ ყოფილა, ამ კლინიკაში იყო 16. რამ გამოიწვია ციფრებში ასეთი ცდომილება, რომ ამბობენ 100-120 და რეალურად არის 16, გამომდინარე საზოგადოების მაღალი ინტერესიდან, მე ვთვლი, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ვალდებულია დეტალურად გაერკვიოს, რომ ამ კლინიკების წარმომადგენლებმა მხოლოდ ნუმეროლოგიური ხარვეზების გამო გაავრცელეს ეს ინფორმაცია თუ რაიმე სხვა მოსაზრებით, ამის პირობას გაძლევთ, რომ ამას დეტალურად, გამჭვირვალედ და ობიექტურად შევისწავლით", - განაცხადა სერგეენკომ.