19 ივნისს გახანგრძლივებულ სანქციებზე საქართველო თავიდანვე შეერთებული იყო

19 ივნისს გახანგრძლივებულ სანქციებზე საქართველო თავიდანვე შეერთებული იყო

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, დავით ბაქრაძის განმარტებით, ევროკავშირის საბჭოს მიერ 19 ივნისს გახანგრძლივებულ სანქციებზე საქართველო თავიდანვე შეერთებული იყო.

როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ახლა მოყვა მხოლოდ ამ სანქციის გაგრძელება ერთი თვის ვადით.

"ამ სანქციას ჩვენ თავის დროზე ვიყავით მიერთებული სხვა ქვეყნებთან ერთად, შესაბამისად თვენახევრის წინ მოხდა ამ სანქციის გახანგრძლივება ევროკავშირის საბჭოს მიერ", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

რაც შეეხება იმას, თუ რა შინაარსის სანქციაა ეს, ბაქრაძე აცხადებს, რომ აქ ბევრი ტექნიკური და ეკონომიკური საკითხია გათვალისწინებული და ერთ-ერთი, რომელიც მას შეუძლია გაიხსენოს უკავშირდება ყირიმში წარმოებულ პროდუქციას.

რაც შეეხება იტარტასის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს არ უერთდება მხოლოდ ეკონომიკურ სანქციებს, ბაქრაძე აცხადებს, რომ "იტარტასის" ინფორმაციაზე კომენტარს ვერ გააკეთებს. ამასთან, დავით ბაქრაძე ვერ აკონკრეტებს რომელ სანქციებზე არის საქართველო შეერთებული და რომელზე არა.

"მინსკის პირველი და მეორე მოლაპარაკებების დროს ძალიან ბევრი სხვადასხვა სანქცია და ზომა იქნა მიღებული, რომელთა ნაწილზე ჩვენ ჩვენი პოლიტიკური და ჩვენი ეკონომიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე ვართ შეერთებული, ან არ ვართ შეერთებული. ეს არის ის ნაწილი, რაზეც ჩვენ შეერთებული ვიყავით პირველივე დღიდან", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.