საკონსტიტუციო სასამართლო საკუთრების უფლების შესახებ სარჩელს განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლო საკუთრების უფლების შესახებ სარჩელს განიხილავს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს ნოდარ დვალის კონსტიტუციურ სარჩელს საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის და 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით:

"სადავო ნორმების თანახმად, თუ უძრავ ქონებას გაასხვისებს ის პირი, რომელიც საჯარო რეესტრში მესაკუთრედ კანონდარღვევით არის რეგისტრირებული, ნივთის შემძენი ჩაითვლება ქონების ახალ მესაკუთრედ. შემძენი არ ჩაითვლება კეთილსინდისიერ შემძენად და ვერ გახდება მესაკუთრე, იმ შემთხვევაში, თუ მან იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე ან მიმდინარეობს დავა რეესტრის ჩანაწერის კანონიერების შესახებ. იმ შემთხევაში, თუ უძრავი ქონების შემძენი კეთილსინდისიერი აღმოჩნდება, ქონების ნამდვილი მესაკუთრე კარგავს შესაძლებლობას დაიბრუნოს საკუთარი ქონება. მოსარჩელე უთითებს, რომ სადავო ნორმები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ქონება მისი ნების საწინააღმდეგოდ გასხვისდეს საჯარო რეესტრში კანონდარღვევით რეგისტრირებული მესაკუთრეების მიერ, რის შედეგადაც, ის კარგავს შესაძლებლობას დაიბრუნოს კუთვნილი უძრავი ქონება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებას", - აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.