ვიცე-პრემიერ კახი კალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ახალი კანონპროექტის წარდგენას აპირებდა, პარლამენტში დღემდე არაფერია წარმოდგენილი.
როგორც კალაძე აცხადებს, ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტში ცვლილებებთან დაკავშირებით, თითქმის ყველა შენიშვნა გათვალისწინებულია. ამასთან, ვიცე-პრემიერი აღნიშნავს, რომ გუშინ საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმოქმედ წარმომადგენელთან შეხვედრისას, კიდევ რამდენიმე შენიშვნა იქნა მიღებული, რომელსაც აუცილებლად გაითვალისწინებენ.
„ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებებიდან, ნამდვილად, აშკარად ჩანს, რომ ეს განცხადებები პოლიტიკურად არის მოტივირებული. ჩვენ რამდენიმე ხნის წინ ვისმენდით პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რომ ისინი ამ კანონპროექტის ალტერნატივას წარმოადგენდნენ, თუმცა დღემდე არაფერია პარლამენტში წარმოდგენილი. ამ კანონპროექტზე მუშაობა 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ის შენიშვნები, რომელიც მივიღეთ, გათვალისწინებულია. გუშინ, პრემიერი შეხვდა ბატონ სადიკოვს, სადაც კიდევ გამოითქვა 4-5 შენიშვნა, რომელსაც აუცილებად გავითვალისწინებთ. ვფიქრობ, ეს კანონპროექტი ყველასთვის მისაღები იქნება. მნიშვნელოვანია, რომ მშვიდად, ფაქიზად მოვეკიდოთ ამ თემას, რადგან საქმე ეხება ბიზნესს, ბანკებს“, - განაცხადა კალაძემ.