„პრეზიდენტის მიერ კანონპროექტზე ვეტოს დადება საბანკო სექტორისთვის მხოლოდ ზიანის მომტანი იქნება“

„პრეზიდენტის მიერ კანონპროექტზე ვეტოს დადება საბანკო სექტორისთვის მხოლოდ ზიანის მომტანი იქნება“

საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ თუ პრეზიდენტი „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტს ვეტოს დაადებს, ამით არამარტო ქვეყანას, საბანკო სექტორსაც დააზარალებს.

ცუცქირიძის თქმით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რაც შეიძლება დროულად მოხდეს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს სტრუქტურის ფორმირება და საბჭოს კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება.

„ასეთ ვითარებაში პრეზიდენტის მიერ კანონპროექტზე ვეტოს დადება აზრს მოკლებულია და ქვეყნისათვის და საბანკო სექტორისთვის მხოლოდ ზიანის მომტანი იქნება, მით უმეტეს თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ 10 დღის ვადაში კანონპროექტის ხარისხიანი და გააზრებული ალტერნატივის შემოთავაზება პრაქტიკულად შეუძლებელია“, - განაცხადა ცუცქირიძემ.

მისივე თქმით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა და პირადად ამ კანონპროექტის ავტორებმა ღია კარის პრინციპის არჩევით აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღეს და ყველა მხარეს საკმაო დრო და შესაძლებლობა ჰქონდა თავისი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოსადგენად.

„როგორც უკვე აღვნიშნე, კანონპროექტში 70-მდე შენიშვნაა გათვალისწინებული, მათ შორის საბანკო სექტორის მიერ მიწოდებული პრაქტიკულად ყველა წინადადება. ამიტომ, პრეზიდენტის აღნიშნული ინიციატივა ჩემთვის ცოტა გაუგებარია. მიმაჩნია, რომ მიღებული გადაწყვეტილების რევიზია აზრს კარგავს და უარყოფითად აისახება საქართველოს საინვესტიციო გარემოზე. ჩვენ დღეს გვჭირდება გაცილებით ეფექტური საბანკო სისტემა, რომლის პირობებში მონეტარული და ფინანსური ზედამხედველობა ავტონომიურ და ამავდროულად სინქრონულ რეჟიმში იფუნქციონირებს. ასეთ შემთხვევაში რეპუტაციის დაკარგვის რისკი კი არ გაიზრდება, პირიქით, შემცირდება. როდესაც ცენტრალური ბანკი არ იქნება პირდაპირ და ერთპიროვნულად ჩართული ზედამხედველობის რეგულირებაში, რადგან საზედამხედველო პოლიტიკის ხასიათიდან გამომდინარე, წარუმატებლობის შედეგი უფრო თვალსაჩინოა, ვიდრე წარმატებები. დიდწილად სწორედ ამის შედეგია ეროვნული ბანკისადმი ნდობის დაკარგვა, თუნდაც სავალუტო სპეკულაციებთან დაკავშირებული აჟიოტაჟი და აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა კი არ შემცირდება, პირიქით წმინდა ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ამოცანებზე გადართვით მნიშვნელოვნად გაიზრდება ნდობის ფაქტორთან ერთად“, - აღნიშნა ცუცქირიძემ.