მისაქციელთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით საგარეო უწყებაც მუშაობს

მისაქციელთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით საგარეო უწყებაც მუშაობს

მცხეთის რაიონის სოფელ მისაქციელთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც შევიდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო უწყებაში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავები მუშაობენ, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის კუთხით საქმეში ჩართულია.

ავტომანქანას, რომელმაც მცხეთის რაიონის სოფელ მისაქციელთან 15 წლის მოზარდი იმსხვერპლა, ევროკავშირის დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი მართავდა.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, 15 წლის უშიშა ყორიაულს წარმოშობით პოლონელი, ევროკავშირის დიპლომატიური მისიის თანამშრომელი დაეჯახა. ამასთან, მას შემთხვევის ადგილიდან მიმალვა არ უცდია და გამოძიებასთან თანამშრომლობს.

მცხეთის რაიონის სოფელ მისაქციელში ავტოსაგზაო შემთხვევას 15 წლის ბიჭი გუშინ ემსხვერპლა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ქვეითად მოსიარულე მოზარდს ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, მოზარდს დიპლომატიური ნომრების მქონე "აუდის" მარკის ავტომობილი დაეჯახა. როგროც "ინტეპრესნიუსს" თვითმხილველებმა აცნობეს, გუშინდელი შემთხვევის ადგილზე სწორედ ამ ნომრების მქონე დაზიანებული ავტომობილი იდგა.

ამასთან, სამართალდამცველ უწყებაში არ აკონკრეტებენ, არის თუ არა დაკავებული ვინმე ან დაეჯახა თუ არა მოზარდს დიპლომატიური ნომრების მქონე ავტომობილი.