„ვეკითხები სახალხო დამცველს, მსგავსი წარწერებით რომ მოსახლეობის 10%-მა იაროს, ეს ნორმალური იქნება?“

„ვეკითხები სახალხო დამცველს, მსგავსი წარწერებით რომ მოსახლეობის 10%-მა იაროს, ეს ნორმალური იქნება?“

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ცენტრის" ხელმძღვანელს ზურაბ ქადაგიძეს სახალხო დამცველთან 19 ივლისს "პანორამა თბილისის" წინააღმდეგ გამართული აქციის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო კითხვები აქვს.

როგორც ქადაგიძემ "პირველ პრესკლუბში" განაცხადა, აქციის მონაწილეების მიერ საზოგადოებისთვის წარმოდგენილი იყო უხამსი წარწერების მქონე პლაკატები, თუმცა უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ ამ წარწერებით, პიროვნებებისთვის პირდაპირი შეურაცხყოფა, არავის მიუყენებია.

"ნანუაშვილის თქმით, ეს ვერ იქნებოდა წვრილმანი ხულიგნობა და სასამართლომ ეს სამართლებრივად არ უნდა ჩათვალოს, თუმცა სასამართლომ აქციის 7 მონაწილე სწორედ ამ წარწერების გამო 100-100 ლარით დააჯარიმა. შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ სახალხო დამცველის წინასწარი გამოხმაურება ამ საკითხზე, ერთგვარი პრევენცია იყო, რადგან ხვდებოდა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა სასამართლო",- განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

მისივე თქმით, სახალხო დამცველი შესაძლოა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზააციის მხრიდან ზეწოლას განიცდიდეს.

"23 ივლისს პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებით დამტკიცდა, რომ კანონი დაირღვა, რასაც წინ უძღვოდა უჩა ნანუაშვილის, საიას ხელმძღვანელის, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის და ადამიანის უიფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" იურისტის სინქრონული და შეხმატკბილებული პრესკონფერენციები და განცხადებები, იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციამ ძალას გადაამეტა და გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდა. ყველას კარგად გვახსოვს და ვხედავთ, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ძირითადად ჩნდებიან მაშინ, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" და მისი მხარდამჭერების მიერ ორგანიზებული აქციებია, მათი ინიციატივებია დასაცავი და ა.შ. რაც დრო გადის, მით უფრო ნათელი ხდება, რომ ისინი შეთანხმებულად მოქმედებენ და კონკრეტული პოლიტიკური ძალის ინტერესების გამტარებლები არიან", - განაცხადა ქადაგიძემ.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი სახალხო დამცველს შეკითხვით მიმართავს.

"მივმართავ სახალხო დამცველს და ვსვამ შეკითხვას: მსგავსი წარწერებით რომ მოსახლეობის 10%-მა იაროს, ეს ნორმალური იქნება? რა ზეგავლენას მოახდენს ეს საზოგადოებაზე, ჩვენს მოქალაქეებზე, რომლებიც დღემდე არ გამოსულა ციხის კადრების შოკიდან? მე არ ვსაუბრობ იმაზე, რომ აქციების და მანიფესტაციების ჩატარება შეიზღუდოს. აქ საუბარია გამოხატვის ფორმაზე, რომელიც სასამართლომ არაკანონიერად სცნო", - აღნიშნა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

ზურაბ ქადაგიძემ აქვე განაცხადა, რომ აღნიშნულ აქციაზე შეკრებილი საზოგადოების ნაწილი, პირდაპირ გამოხატავს "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს და მათთვის მთავარი დესტაბილიზაციის და დაძაბულობის მოწყობაა.