ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ოლიმპიური ფესტივალის ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის თბილისის ბიუჯეტიდან გაწული ხარჯების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" IDFI-იდან აცნობეს, www.opendata.ge-ზე განთავსდა თბილისის მერიიდან მიღებული დოკუმენტაცია, სადაც წარმოდგენილია მონაცემები 2015 წლის თბილისის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის ქალაქის ბიუჯეტიდან 2012-2015 წლებში გაწეული ხარჯების შესახებ.
"2012-2015 წლების ქალაქ თბილისის ბიუჯეტში ოლიმპიური ფესტივალის მოსამზადებელი ღონისძიებებისათვის სულ გეგმით გათვალისწინებული იყო 93 245 484 ლარი. 2015 წელს ოლიმპიური ფესტივალის ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის ქალაქის ბიუჯეტის გეგმით გათვალისწინებული იყო 44 817 374 ლარი, საიდანაც 26 მარტის მდგომარეობით, ათვისებული იყო 30 847 881 ლარი", - ნათქვამია IDFI-ის სტატიაში.