საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის წევრი თემურ ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ დენის ტარიფი 12 თეთრს არ უნდა აღემატებოდეს. ამის შესახებ თემურ ჭიჭინაძემ გაზეთ "კვირის პალიტრას" განუცხადა.
"ცხადია, ლარის კურსი დავარდა, თუმცა "ენერგო პრო ჯორჯია" წლების განმავლობაში მუშაობდა მსხვილ მოგებაზე და პირდაპირ შემიძლია გითხრათ - უკანონო მოგებაზე, რადგან მას თავიდანვე გაბერილი, "ზეპირი" ტარიფი დაუდგინა ნოღაიდელმა. ძალიან ბევრი გარემოება არ გაითვალისწინა სემეკ-მა და იხელმძღვანელა მხოლოდ ამ მოკლე მონაკვეთით, როცა ლარის კურსი დაეცა. შესაძლოა, ამის გამო კომპანიას ფინანსური ბალანსი დაერღვა, მაგრამ ის არის მონოპოლისტი, რომელსაც აქვს გენერაციაც და დისტრიბუციაც. მთლიანობაში კომპანია მომგებიანია. კურსის ცვლილება იმდენად არ იმოქმედებდა საშუალო შეწონილ ტარიფზე, რომ ასე სასწრაფოდ გადაეხედათ "ენერგო პროს" ტარიფისთვის. გარდა ამისა, სემეკს აქვს 150 დღე - 5-თვიანი ვადა სატარიფო განაცხადის განსახილველად. ამ შემთხვევაში 5-თვიანი ვადა სექტემბერში იწურებოდა. ძალიან იჩქარეს ამ საკითხის განხილვა. სემეკ-ში ახლა სამი წევრია, რომელიც ვითარებას განკარგავს, არადა, 5 უნდა იყოს. ამ 2 წევრზე ახლა გამოცხადებულია ვაკანსია და უნდა გაიმართოს კონკურსი. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათ ეშინოდათ - შევიდოდნენ ახალი წევრები და ტარიფის საკითხს ასე მარტივად ვეღარ გაიტანდნენ. "თელასსაც" ზედმეტად გაბერილი ტარიფი აქვს. ჩემი პირადი აზრით, ტარიფი არ უნდა აღემატებოდეს 12 თეთრს", - განაცხადა ჭიჭინაძემ.
გაზეთ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ სტატიაში დენის ტარიფში სახელმწიფოს წილთან დაკავშირებითაცაა საუბარი. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ტარიფი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება - ეს არის გენერაცია ანუ წარმოება, განაწილება და გადაცემა-დისტრიბუცია.
"თუ გავითვალისწინებთ, რომ ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიები თავად ფლობენ ჰიდრო და თბოელექტროსადგურებს, ჩნდება ლოგიკური კითხვა - რა აძვირებს ასე დენს, რომელსაც კომპანიები პირდაპირი მიყიდვის წესით ყიდულობენ თავისივე შვილობილი კომპანიებიდან და აბონენტებს აწვდიან? თუმცა, საქმე არც ასე მარტივად არის, რადგან შვილობილი ჰესების გარდა, კომპანიები ელექტროენერგიას სხვა წყაროებიდანაც ყიდულობენ, მათ შორის არის ჰესები, თბოელექტროსადგურები და იმპორტი. სწორედ ეს წყაროები დაასახელეს კომპანიებმა ტარიფის გაზრდის მოთხოვნის საფუძვლად, რადგან იმპორტირებულ ელექტროენერგიასა და გაზს თბოსადგურებისთვის დოლარით ყიდულობენ, რომლის მიმართაც ლარი გაუფასურდა", - ნათქვამია სტატიაში.
სტატიის თანახმად, "ენერგო პროს" გაანგარიშებით, რომელიც ტარიფის გაზრდის მოთხოვნის დასაბუთებას ერთვის, 2015 წლის აგვისტო-სექტემბრისთვის საკუთარი წარმოებიდან და სხვა წყაროებიდან შესყიდული ელექტროენერგიის საშუალო ფასი დაახლოებით, 10 თეთრი იქნება - ადრინდელი 6,654-ის ნაცვლად. შესაბამისად, აბონენტებსაც უფრო ძვირად უნდა მიჰყიდონ, რათა არსებობა შეძლონ. ამ შესასყიდ ელექტროენერგიას კი ყველაზე მეტად ე.წ. საბალანსო ელექტროენერგია აძვირებს, რომელზეც ფასის 70% მოდის.
"საქმე ის გახლავთ, რომ ჰესები და თბოსადგურები გამომუშავებულ ენერგიას საერთო ენერგეტიკულ, ე.წ. საბითუმო ბაზარს აწვდიან. აქვე შედის იმპორტით შემოსული დენიც. მართალია, ჰესებიც და თბოსადგურებიც ელექტროენერგიას სხვადასხვა ტარიფით ყიდიან და იმპორტს კიდევ თავისი ფასი ადევს, მაგრამ ენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს (ესკო) გამოყვანილი აქვს საშუალო შეწონილი ფასი. როცა გამანაწილებელ კომპანიებს საკუთარი წარმოების დენი არ ჰყოფნით ("ენერგო პრო" იქნება ეს თუ "თელასი"), დამატებით დენს ისინი ესკო-სგან ყიდულობენ სწორედ საშუალო შეწონილ ფასად. ესკო ჩვეულებრივი სამეწარმეო იურიდიული პირია, რომლის 100%-ს ფლობს სახელმწიფო საინვესტიციო კომპანია "საპარტნიორო ფონდი". როგორც ვხედავთ, სახელმწიფოს ხელში ესკო ტარიფის ფორმირების ძლიერი ბერკეტია. საინტერესოა, ესკო-ს მოგების მარჟის შემცირება ხომ არ იქნებოდა უკეთესი, ვიდრე სუბსიდიებისთვის განზრახული 20 მილიონის ბიუჯეტიდან "გაქნევა" და გამანაწილებელი კომპანიებისთვის გადახდა? ცნობისთვის, ესკო-ს ხელმძღვანელი 2009-2013 წლებში სემეკი-ს ამჟამინდელი ხელმძღვანელი ირინა მილორავა გახლდათ", - ნათქვამია "კვირის პალიტრის" სტატიაში.