რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ახალი საზღვაო დოქტრინა დაამტკიცა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ქვეყნის ვიცეპრემიერმა დიმიტრი როგოზინმა განუცხადა.
მისი თქმით, დოქტრინაში ცვლილებები მსოფლიოში პოლიტიკური მდგომარეობის ცვლილებებმა გამოიწვია. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ატლანტიკური და არქტიკული მიმართულებით.
"ახალი დოქტრინის მიღების მიზეზები მდგომარეობს მსოფლიოში პოლიტიკური მდგომარეობის შეცვლასა და რუსეთის ობიექტურ გაძლიერებაში, რომელიც უდიდესი საზღვაო სახელმწიფოა", - განაცხადა როგოზინმა.
დოქტრინის ახალ რედაქციაში, რომელიც კრემლის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული, ასახულია რუსეთის უარყოფითი დამოკიდებულება ნატოს გეგმებისადმი, რაც ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებამდე მიახლოებას უკავშირდება.