2018 წლის მუნდიალის შესარჩევში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

2018 წლის მუნდიალის შესარჩევში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

ფეხბურთში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეთა ვინაობა ცნობილია. 

სანკტ-პეტერბურგში გამართულ წილისყრაზე მუნდიალის შესარჩევი ეტაპის ჯგუფები დაკომპლექტდა. დღესდღეობით საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 153-ეა. წილისყრისას ბოლო, მეექვსე კალათაში იყო, D ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად მოლდოვის, ირლანდიის, სერბეთის, ავსტრიისა და უელსის ეროვნული გუნდები შეხვდა.

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე, რომელსაც რუსეთი უმასპინძლებს, მსოფლიოს რჩეული 31 ქვეყნის ნაკრები და პლუს ტურნირის მასპინძელი იასპარეზებს. 

ევროპის კონტინენტიდან შესარჩევ ეტაპზე 52 ქვეყანა მონაწილეობს; გუნდები 9 შესარჩევ ჯგუფში (7 ექვსგუნდიან და 2 ხუთგუნდიან) არიან გადანაწილებული. მუნდიალის საგზურს ავტომატურად მიიღებენ ჯგუფების გამარჯვებულები, ხოლო დანარჩენი ოთხი საგზურისთვის პლეი-ოფები გაიმართება - შესარჩევი ციკლის ყველაზე უარესი შედეგის მქონე მეორეადგილოსნის გამოკლებით, 8 მეორეადგილოსანი ორმატჩიან დუელში 4 საგზურს გაითამაშებს.

მუნდიალის შესარჩევი ციკლი ევროპაში სტარტს 2016 წლის 4 სექტემბერს აიღებს და 2017 წლის 10 ოქტომბერს დასრულდება.