სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების მეთოდოლოგიაში ცვლილებები შევა

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების მეთოდოლოგიაში ცვლილებები შევა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების მეთოდოლოგიაში მორიგ ცვლილებები გატარდება.

როგორც "ინტერპერსნიუსს" შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, გასატარებელი ცვლილებების შესახებ სამინისტროში ბრიფინგი სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ გამართა.

სამინისტროს განცხადებით, სოციალური დახმარების ახალი სისტემა მაისიდან სატესტო რეჟიმში ამოქმედდა. ახალი სისტემა ძირითადად ორიენტირებულია მრავალსულიან და ბავშვიან ოჯახებზე, რაც გაეროს ბავშვთა ფონდის ძირითადი რეკომენდაცია იყო.

"ამ რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა პროცესის ყოველდღიური მონიტორინგი. შედეგების დეტალურმა ანალიზმა აჩვენა, რომ სისტემა გარკვეულ კორექტივებს საჭიროებს, რადგან ქულების დათვლის ახალი სისტემა პირველ რიგში მარტოხელა პენსიონერებს აზარალებს", - განაცხადეს სამინისტროში.

მათივე თქმით, უკვე იდენტიფიცირებულია პროგრამის სუსტი წერტილები. ახლანდელი ცვლილებების მიხედვით, გაიზრდება პენსიონერის შეფასების კოეფიციენტი, რაც საშუალებას მისცემს სახელმწიფოს აღუდგინოს დახმარება იმ პირებს, რომლებსაც დროებით შეუწყდათ შემწეობა და აუცილებლად საჭიროებენ დახმარებას.

"მომზადდა შესაბამისი ცვლილებები, რომელიც განხილული იქნება მთავრობის უახლოეს სხდომაზე და მიღების შემთხვევაში, 1 აგვისტოდან ძალაში შევა. უფრო მეტიც, სახელმწიფო აუნაზღაურებს მარტოხელა პენსიონერებს იმ თვეების თანხებს, რა პერიოდშიც მათ საარსებო შემწეობის მიღება შეჩერებული ჰქონდათ", - განმარტავენ სამინისტროში.